ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ ბანერებზე გაკეთებული წარწერების გამო დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ და პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერებზე „რუსული ოცნების“ და „რუსის“ დაწერის გამო დააკავა.   

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება პოლიციისთვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე დაიწყო.  

„გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წერს მელიქიშვილის გამზირზე, კლაძის საარჩევნო შტაბთან გაკრულ ბანერზე „რუსულ ოცნებას“. მოგვიანებით მან ერთ-ერთი ბანერის ფოტოც გამოაქვეყნა სათაურით „სოლიდარობა მეგის!“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარტიის ოფისთან დღეს, 15 სექტემბერს დააკავეს.

„ელენე თავისი ფეხით გაჰყვა [დამკავებლებს], რადგან მან გააზრებულად გამოხატა სოლიდარობა მეგი დიასამიძის მიმართ. ელენე ხოშტარია დააკავეს მარკერით გაკეთებული წარწერის გამო, რომელსაც ხელი რომ გადაუსვა, გაქრება“, - განაცხადა „დროას“ წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ.

რამდენიმე დღის წინ, კალაძის ბანერების დაზიანერბის ბრალდებით 23 წლის სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტი მეგი დიასამიძე დააკავეს. პროკურატურა აცხადებს, რომ „რუსული ოცნების“ დაწერით გამოწვეულმა ზიანმა 380 ლარი შეადგინა.

მეგი დიასამიძე სასამართლომ 2000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აქტივისტმა პროცესის შემდეგ თქვა, წარწერა მას არ გაუკეთებია.

სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე, შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 5 წლამდე.

 

ამ თემაზე:

დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.