„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე, იურისტი ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რატომ არ არის მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაული და არც სამართალდარღვევა. 23 წლის სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტი პოლიციამ კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საპროტესტო წარწერის - „რუსული ოცნება“ გაკეთების გამო დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეგი დიასამიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება გულისხმობს. ქმედებისთვის, რამაც „მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“ გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.
„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა. მის წინააღმდეგ მაქსიმუმ სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა შეიძლებოდა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ იმ პლაკატზე წარწერის მოსაშორებლად საჭირო გახდა რაიმე ხარჯის გაწევა, მაგალითად, გასაწმენდი საშუალებების შეძენა.
ნებისმიერი რამ, ბანერი იქნება ეს თუ პლაკატი, რომელზეც გამოსახულია არჩევნებში მონაწილე პირი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, მიიჩნევა სააგიტაციო მასალად. წინასაარჩვნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსებას აქვს თავისი წესები. იმ შენობა-ნაგებობებს და სხვა ადგილებს, სადაც შესაძლებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის ორგანოები. თუმცა, საარჩევნო კოდექსით კატეგორიულად აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაზე. პეტრე მელიქიშვილის N12-ში მდებარე შენობა (სასტუმრო „საქართველო“) სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ პორტალზე მონიშნულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. შესაბამისად, ამ შენობაზე სააგიტაციო მასალის გამოფენა აკრძალულია და შესაძლებელია შეფასდეს შენობის იერსახის დამახინჯებად. შენობის იერსახის დამახინჯება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს იმ პირის დაჯარიმებას, რომელმაც ეს პლაკატი გააკრა. შესაბამისად, ის პლაკატი, რომლის დაზიანების საფუძვლით 23 წლის სტუდენტი გოგო სისხლის სამართლის წესით დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვებით გამოფენილ საარჩევნო ბანერად.
რაც შეეხება იმას, კანონის დარღვევით გამოფენილი პლაკატის დაზიანება შეიძლება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სტუდენტი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის იმგვარ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში პლაკატი განადგურებილი არ არის, ის ისევ გამოფენილია. პლაკატი დაზიანებულადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მასზე გაკეთებული წარწერა მალევე, მარტივად მოაშორეს.
დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული ისეთი წარწერა, რომელიც ნივთზე წარუშლელ კვალს არ ტოვებს ან რომლის გამოსწორებაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.
ამდენად, ეს ქმედება არათუ დანაშაული, სამართალდარღვევაც კი არ არის. თუ წარწერის მოშორებას დასჭირდა რაიმე გასაწმენდი საშუალების ყიდვა, რაც დაუჯდა მესაკუთრეს ამ საშუალებების შეძენა, შეეძლო დაეანგარიშებინა, წარმოედგინა შესაბამისი შესყიდვის მტკიცებულებები, შეეტანა სამოქალაქო წესით სარჩელი სასამართლოში და ედავა ამ ხარჯების ანაზღაურებაზე. ამ დავის განხილვას დალოდებიდა თვეები და შესაძლოა წლებიც, ისევე, როგორც არაერთი მოქალაქე ელოდება მისი საქმის გაჭიანურებულ განხილვას დღევანდელ სასამართლოში“, – წერს Facebook-ზე ნონა ქურდოვანიძე.
მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან გაკრულ ბანერებზე წარწერა „რუსული ოცნება“ 9 სექტემბერს გამართულ აქციაზე გააკეთეს. მეგი დიასამიძე მომდევნო დღეს, ლანჩხუთთან დააკავეს, როდესაც მიკროავტობუსით აჭარაში მიდიოდა. ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, ქალს 9 საათის განმავლობაში ხელები ხელბორკილებით ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, რაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდება.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მეგი დიასამიძეს „ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა“ უწოდა.
