თბილისში, ვაკეში, პოლიციამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
2 დეკემბერს, დილით, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ სვამენ ჯაფარიძეს პოლიციის ავტომანქანაში. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, დაკავებულის ადგილსამყოფელს ამ დრომდე ადგენენ.
„უამრავ სხვადასხვა ასაკის პატრიოტთან ერთად, ჩვენი ლიდერი ზურა ჯაფარიძეც დააკავეს. აქამდე ვადგენთ მის ადგილსამყოფელს. კოალიცია ამაზე განცხადებას გავაკეთებთ და იმგვარად ვიმოქმედებთ, როგორც ჩვეულებრივ მოიქცეოდა პარტია მისი ლიდერის დაკავების შემთხვევაში.
ყველა პოლიტიკოსმა ვიცით, რა ბრძოლაშიც ვართ ყველანი ჩართული და ვის ვებრძვით. ამიტომაც, ყველანი მზად ვართ, მათ შორის, დაკავებისთვის და ნებისმიერი სხვა ფორმის უკანონობისთვის. ცხადია, ასეა ზურაც“, - დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში.
გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შემდეგ, საპოლიციო ძალებმა გააგრძელეს იმ მოქალაქეების დევნა და დაკავება, რომლებიც მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირისკენ წავიდნენ.
„ჩვენ არა მარტო დაგვშალეს, არამედ ხაფანგი ჰქონდათ მოწყობილი, არ გვიშვებდნენ თსუ-სთან. ავედით ვერაზე, ქუჩებით ვიარეთ და ჩამოვედით ჭავჭავაძეზე. მსვლელობაც პროტესტია. ასეთი ფორმით ვაპროტესტებთ“, - ამბობდა ზურაბ ჯაფარიძე დაკავებამდე.
თბილისში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის შეჩერებაში ადანაშაულებენ და საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
შინაგანს საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების დასაშლელად არაერთხელ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეციალური საშუალებები. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
ოთხი დღის განმავლობაში ჯამში 227 ადამიანია დაკავებული. მათგან სამს პოლიციელებზე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ედება. 224 პირი ადმინისტრაციული წესით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის/დაუმორჩილებლობის საფუძვლით - არის დაკავებული.
