1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება

საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღო

ხვალიდან, 1-ელი ნოემბრიდან, ძალაში შედის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი, რომლითაც საჯარო მოსამსახურეებს და საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობის უფლება ეზღუდებათ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს. ამ წესიდან გამონაკლისებს შორისაა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა.

ამასთან, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, განახორციელოს ანაზღაურებადი სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. თანხმობა გაიცემა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით.

უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებაც საჯარო მოხელეს მხოლოდ ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეეძლება.

ასეთი თანხმობების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს:

  • ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს გარდა საჯარო სამსახურისა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
  • ეკავოს აკადემიური თანამდებობა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
  • იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
  • ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით და სპორტულ საქმიანობებს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

საჯარო სამსახურში, მათ შორის, სსიპ-ში საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ აქვს უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს საჯარო სამსახურში .

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო დასაშვებია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობების/ ფუნქციების განხორციელებისას.

თუ საჯარო მოსამსახურე, აგრეთვე, საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ამ წესებს დაარღვევს, იგი გათავისუფლდება ყველა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულ პირს არ ექნება უფლება, გათავისუფლების დღიდან 2 წლის განმავლობაში დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში. ამასთანავე, მას ეკისრება კომპენსაციის გადახდა შესაბამისი დაწესებულებების ბიუჯეტების სასარგებლოდ, დაკავებული თანამდებობების დატოვების ვალდებულების წარმოშობიდან აღნიშნული თანამდებობებიდან გათავისუფლებამდე პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით.

„ქართული ოცნების“ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობები/ფუნქციები, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო დაწესებულებებში:

  • სივრცითი დაგეგმარების, ურბანიზაციის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის სფერო
  • საავიაციო სფერო
  • გარემოს დაცვის სფერო
  • ფიზიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სფერო
  • სოფლის მეურნეობისა და სატყეო სფერო
  • საინფორმაციო სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის სფერო
  • ფინანსური აღირცხვა, აუდიტის ზედამხედველობა, სახელმწიფო/საერთაშორისო შესყიდვები
  • სტატისტიკა/ანალიტიკა
  • დაზღვევის სფერო
  • სამედიცინო სფერო
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფერო
  • სოციალური კეთილდღეობის სფერო
  • განათლების სფერო
  • აუდიოვიზუალური მეთოდებისა და მედიაპროდუქციის წარმოების სფერო
  • კულტურის სფერო
  • აკრედიტაციის პროცესი/სფერო
  • მთარგმნელობითი საქმიანობა, ჟესტური ენის სპეციალისტი
  • სამართლის სფერო
  • უსაფრთხოების სფერო
  • პროფესიული და ტექნიკური სფერო
  • კრიმინალისტიკური სფერო
  • სასაქონლო ექსპერტიზის სფერო
  • საარჩევნო სფერო
  • საწარმოო ინჟინერიის სფერო

დადგენილებაშიც ნათქვამია, რომ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო დასაშვებია დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.