საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, გაეროს და ევროპის საბჭოს მიმართა, გამოიძიონ საქართველოში, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
2 დეკემბრით დათარიღებულ წერილში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ 2025 წლის განმავლობაში, სანდო წყაროებმა, მათ შორის ადგილობრივმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო მედიამ და დამოუკიდებელმა მონიტორინგის ორგანოებმა, დააფიქსირეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების, აქტივისტების თვითნებური დაკავების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის და ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შევიწროების შემთხვევები.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ანგარიში, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლოა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, პოტენციურად ბრომბენზილ ციანიდი, მაღალი წნევის წყლის ჭავლის სისტემებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტების დასაშლელად, როგორც ეს დადასტურებულია ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) 2025 წლის 1 დეკემბრით დათარიღებულ საგამოძიებო რეპორტაჟში.
ჯანდაცვის სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გამოყენებული ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნებულა და არც მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარებულა.
თუ მაღალი ტოქსიკურობის ქიმიური ნაერთების პოტენციური გამოყენების შესახებ ცნობები დადასტურდება, ასეთი ქმედებები წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებებისა, რომელთა მხარეც საქართველოა“, – ვკითხულობთ წერილში, რომლის ადრფესატებიც არიან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალური დირექტორი ფერნანდო არასი, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი.
სალომე ზურაბიშვილი, „ამ შეშფოთების სიმძიმის გათვალისწინებით“, საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ჩაატარონ „სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების შესახებ“.
მეხუთე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი შეფასება აუცილებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად.
BBC-მ შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ 2024 წლის ბოლოს თბილისში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. საუბარია ნივთიერება ბრომბენზილ ციანიდზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს.
ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინვენტარიზაციის სიის 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლი მოიპოვეს, რომელშიც ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
BBC-ის თანახმად, UN1710 ტრიქლორეთილენია (TCE), რომელიც სხვა ქიმიური ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს. კრისტოფერ ჰოლსტიგი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ამბობს, რომ „ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოქმედება“.
UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. BBC-მ დაადგინა, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდია.
„არსებული მონაცემები, დაზარალებულთა და სხვა მოწმეების მიერ მოხსენებული კლინიკური სიმპტომები შეესაბამება ბრომბენზილ ციანიდის ზემოქმედებას“, – განაცხადა კრისტოფერ ჰოლსტიგმა და გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სიმპტომები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო უფრო გავრცელებული სპეციალური საშუალებით, როგორიც ცრემლსადენი გაზია. ექსპერტის თქმით, სიმპტომების ხანგრძლივობა არ შეესაბამება ცრემლსადენი გაზის ეფექტს.
დღეს, „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა (გეკა) გელაძემ განაცხადა, რომ „გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, სიმართლეს არ შეესაბამება“. გარდა ამისა, გელაძემ თქვა, რომ შსს-ს არასოდეს შეუსყიდია ე.წ. კამიტი, რითაც ფაქტობრივად უარყო მისი წინამორბედის, ვახტანგ გომელაურის განცხადება იმის შესახებ, რომ BBC-ის მასალაში დასახელებული ნივთიერება „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე“.
ამ თემაზე:
არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ პასუხს, რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა შსს აქციის წინააღმდეგ
