ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას - რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების მიხედვით, BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება „შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას“.
„2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს, რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია. ამ დანაშაულებისთვის არა მხოლოდ არავინ დასჯილა, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი კობახიძე მადლობის სიტყვებს არ იშურებდა ამ დანაშაულების ავტორების - აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის სანქცირებული მაშინდელი შსს მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. უფრო მეტიც, ივანიშვილის პრეზიდენტმა 11 მათგანი ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა.
„ქართული ოცნების“ ამგვარი ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ სიახლეს არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმში, „როდესაც წყალი წვავს“, მოყვანილი ფაქტები და მტკიცებულებები შოკისმომგვრელია. ფილმის ავტორი საგამოძიებო ჟურნალისტების თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, წყლის ჭავლთან შერევის გზით, სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდი, აღნიშნული ნივთიერება პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და 1930 წლის შემდეგ მისი გამოყენება აიკრძალა, რადგან ცრემსადენი გაზთან შედარებით იგი ბევრად უფრო საშიში ნივთიერებაა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს.
საზოგადოდ, ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში“, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ს მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას დაშვებული მძიმე დარღვევების თაობაზე თავის დროზე სპეციალური სიუჟეტი მოამზადა „ნოდარ მელაძის შაბათის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა, ხოლო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სხვა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იგივე პრობლემა დეტალურად აღწერეს თავიანთ ანგარიშში, სათაურით „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“.
„ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამჟღავნებს ინფორმაციას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლში გარეული ნივთიერებების შესახებ, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა.
თუმცა, BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ერთად, დღის წესრიგში სხვა სამართლებრივი საკითხიც დგება. კერძოდ, დასადგენია, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ზემოთ მითითებული ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდის გამოყენება ხომ არ წარმოადგენს „ქიმიური იარაღის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ქმედებას.
უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა“, – ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- უფლებები საქართველო
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ევროპის ფონდი
- სამოქალაქო იდეა
- EECMD
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საფარი
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- თბილისი პრაიდი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- ადამიანის უფლებათა ცენტრი.
- საქართველოს მომავლის აკადემია
- მწვანე ალტერნატივა
- დემოკრატიის მცველები
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
BBC-მ შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ 2024 წლის ბოლოს თბილისში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. საუბარია ნივთიერება ბრომბენზილ ციანიდზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს.
ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინვენტარიზაციის სიის 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლი მოიპოვეს, რომელშიც ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
BBC-ის თანახმად, UN1710 ტრიქლორეთილენია (TCE), რომელიც სხვა ქიმიური ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს. კრისტოფერ ჰოლსტიგი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ამბობს, რომ „ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოქმედება“.
UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. BBC-მ დაადგინა, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდია.
„არსებული მონაცემები, დაზარალებულთა და სხვა მოწმეების მიერ მოხსენებული კლინიკური სიმპტომები შეესაბამება ბრომბენზილ ციანიდის ზემოქმედებას“, – განაცხადა კრისტოფერ ჰოლსტიგმა და გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სიმპტომები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო უფრო გავრცელებული სპეციალური საშუალებით, როგორიც ცრემლსადენი გაზია. ექსპერტის თქმით, სიმპტომების ხანგრძლივობა არ შეესაბამება ცრემლსადენი გაზის ეფექტს.
დღეს, „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა (გეკა) გელაძემ განაცხადა, რომ „გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, სიმართლეს არ შეესაბამება“. გარდა ამისა, გელაძემ თქვა, რომ შსს-ს არასოდეს შეუსყიდია ე.წ. კამიტი, რითაც ფაქტობრივად უარყო მისი წინამორბედის, ვახტანგ გომელაურის განცხადება იმის შესახებ, რომ BBC-ის მასალაში დასახელებული ნივთიერება „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე“.
