„თუკი რომელიმე ფონდი არის გაუმჭვირვალე, ეს არის ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის განვითარების ფონდი, NED-ი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NED-ის ხელმძღვანელის განცხადებას იმის შესახებ, რომ მათი პროგრამების ფინანსები გამჭვირვალეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
პაპუაშვილი ორგანიზაციას მოუწოდებს, „ქართველი ხალხისთვის“ გაასაჯაროონ, რა პროექტებს აფინანსებენ.
„როცა ამბობენ, რომ ქართველ ხალხს ეხმარებიან, რაში ეხმარებიან, ქართველ ხალხს არ ეუბნება არავინ? სამწუხაროდ, დღემდე გასაჯაროება არ ხდება. დამალულია მათი მხრიდან დაფინანსებული პროექტები და, სამწუხაროდ, არ საჯაროვდება. ეს, რა თქმა უნდა, არ პასუხობს გამჭვირვალობის არანაირ სტანდარტს. არათუ ამერიკულ თუ რომელიმე სტანდარტს, არ პასუხობს გამჭვირვალობის ყველაზე დაბალ სტანდარტსაც კი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, NED-ი „პარტიულ“ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს. „ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, მისი დაფუძნებულია. ეს არის, მაგალითად, „სოვლაბი“, სადაც გიორგი კანდელაკი არის ლიდერი. ეს არის, მაგალითად, „ხალხისთვის“ და „პროგრესის ცენტრი“, რომელიც ანა დოლიძის დაფუძნებულია. ყველა ამ „ენჯეოს“ დამფუძნებლები და ლიდერები არიან პოლიტიკოსები, პარტიული ლიდერები. ყველა ეს პარტიული ლიდერი ჯიბეში ფულს იდებს უცხოეთიდან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
NED-ის თავმჯდომარის კენეტ ვოლაკის კომენტარი, სადაც ის ფონდის მიერ საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უარყოფს, ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა 6 მარტს გაავრცელეს.
„სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს უფლება აქვთ იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში. თუ ისინი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, ან პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ეს უკვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არის. NED-ის საქმიანობა მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას და არა პოლიტიკური პარტიების. თუ სამოქალაქო ორგანიზაცია ირჩევს, რომ პოლიტიკური პარტია გახდეს, მაშინ NED-ი მას მხარს არ დაუჭერს. არ მინახავს მტკიცებულება იმის, რომ სამოქალაქო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიას აფინანსებდეს. NED-ის მხარდაჭერილი ორგანიზაციები ნამდვილად არ აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს“, - თქვა ვოლაკმა, რომელიც თბილისში რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უცხოურ დონორ ორგანიზაციებს ქართული პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებასა და არჩევნებში ჩარევაში სდებს ბრალს. რამდენიმე დღის წინ ის თავს დაესხა ევროკავშირის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას - „ევროპის დემოკრატიის ფონდს“, EED-ს. როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, „მნიშვნელობა არ აქვს, ჩარევა მოხდება რუსეთიდან, ჩარევა იქნება რუსეთის ტერიტორიიდან, ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, ნებისმიერი ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა“.
