შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა შეცვალა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც პროტესტის მონაწილე ათი სტუდენტისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას ეხებოდა. უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რექტორმა გადაწყვიტა ეს „უკიდურესი ზომა“ არ გამოიყენოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
„სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - სტატუსის შეწყვეტა“, – ვკითხულობთ თეატრალური უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა გაავრცელა. დავითულიანის შეფასებით, რექტორმა „მიიღო სწორი გადაწყვეტილება“ და სტუდენტებს „მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი, დახურა ყოველგვარი სივრცე პოლემიკისთვის“.
„[გიორგი შალუტაშვილმა] მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა სტუდენტებსა და რექტორს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს. შესაბამისად, საკითხი ამოწურულია. სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად, ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება“, – განაცხადა დავითულიანმა.
10 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებმა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უერთდებიან და თითქმის სამი თვე ღამეს უნივერსიტეტის ფოიეში ათენებდნენ, ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს შეტყობინება, რომ სასწავლებლის ეთიკის კომისიამ მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა. უნივერსიტეტმა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ რექტორის ბრძანება სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ იყო გამოცემული და სტუდენტებს სამი დღე ჰქონდათ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. თავად რექტორი, გიორგი შალუტაშვილი ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა.
ერთი დღით ადრე, 9 მარტს, სტუდენტებს უნივერსიტეტი მათი ნების საწინააღმდეგოდ დაატოვებინეს. სასწავლებელში გამოძახებულმა პოლიციამ არასანქცირებული აქციისთვის პროტესტის მონაწილეები 5000-5000 ლარით დააჯარიმა.
