საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ევრაზიის ინსტიტუტის“ ამ ახალი პროექტის მთავარი ამოცანა საჯარო სივრცეში „სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის“ შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება იქნება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუსული გამოცემა „Sputnik“-ის ინფორმაციით, მონიტორინგი შეეხება საჯარო განცხადებებს, საინფორმაციო პუბლიკაციებს, საზოგადოებრივ ინიციატივებსა და დისკრიმინაციის შესაძლო შემთხვევებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა „დეზინფორმაციას, ისტორიული მოვლენების დამახინჯებასა და ქსენოფობიის გამოვლინებებს“. საბჭოსთან ასევე იქმნება იურისტთა ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მიმართვებს მოამზადებს.

„რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსა და განცხადებებს, რადგან საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ანტირუსული გამონათქვამებისა და აქციების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, გულბაათ რცხილაძემ განაცხადა: „განხორციელდება დაკვირვება, აღრიცხვა და კატალოგიზაცია ყველა იმ მოვლენის, რომელიც დაკავშირებულია რუსოფობიასთან და რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აქვს ადგილი საქართველოში. ეს არის არა მხოლოდ რაღაც ხმამაღალი განცხადებები, რუსოფობიის გამოვლინება ყოფით დონეზე, ან პოლიტიკური განცხადებები, არამედ ჩვენ შევისწავლით საკანონმდებლო აქტებსაც - რომელი კანონები უწყობენ ხელს რუსოფობიას და რომელი აქტები უნდა იყოს მიღებული, ქსენოფობიის, კონკრეტულად კი რუსოფობიის აღსაკვეთად. ჩვენი ანგარიშები კვარტალში ერთხელ გამოქვეყნდება და მათ შორის, რუსული დაწესებულებები, ყველა დაინტერესებული პირები გამოიყენებენ ამ ინფორმაციას“.

საბჭო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელი შეუწყოს ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნული და ენობრივი მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის შენარჩუნება საზოგადოებრივი სტაბილურობის მნიშვნელოვანი პირობაა.

„ევრაზიის ინსტიტუტი“ რუსული „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია და მისი მთავარი დანიშნულება საქართველოში პრორუსული იდეოლოგიის გავრცელებაა.

2009 წელს გულბაათ რცხილაძის მიერ დარეგისტრირებული ორგანიზაცია თანამშრომლობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით დაფუძნებულ, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ „თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდთან“ (ე.წ. „პრავფონდი“). „აი ფაქტის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2020 წლიდან, მიუხედავად საერთაშორისო შეზღუდვებისა, რცხილაძის პროექტები „პრავფონდიდან“ სულ მცირე 60 000 ევროთი დაფინანსდა.

„პრავფონდის“ ძირითადი მიზანი, ოფიციალურად, რუსი თანამემამულეების „დაცვაა“, თუმცა რეალურად ის კრემლის „რბილი ძალისა“ და სადაზვერვო ქსელის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. სწორედ „პრავფონდი“ და მისი პარტნიორი ადგილობრივი ორგანიზაციები აგროვებენ „ფაქტობრივ მასალებს“ ე.წ. რუსოფობიის ანგარიშებისთვის, რომლებსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მასთან აფილირებული სტრუქტურები პერიოდულად აქვეყნებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.