უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა გიორგი უძილაური - ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი. მანამდე უძილაური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე არც გიორგი უძილაურის ვინაობა დაასახელა და არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან ასევე არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ „ჯაშუშობდა“ დაკავებული. მაღრაძის თქმით, ბრალდებულის დასაკავებლად „ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებები“ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სასარგებლოდ სისტემურად მოიპოვებდა და გადასცემდა ინფორმაციას.
„დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან მაღალ დონეზე ორგანიზებული, კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები ჰქონდა. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტით, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც უკავშირდებოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებს, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებას, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებსა და დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებს.
გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც. ამის მიზანი იყო მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით. აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი გულისხმობს უცხო ქვეყნისთვის, უცხოური ორგანიზაციისთვის ან მათი წარმომადგენლისთვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვებას, შენახვას, გადაცემას, გამოძალვას ან გატაცებას, აგრეთვე, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვებასა თუ გადაცემას. დანაშაული სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
