საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოების 65% აქვს ინფორმაცია „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე, რომლის მიღება „ქართულმა ოცნებამ“ მარტში სცადა. აქედან 60% მიიჩნევს, რომ კანონის მიღება საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს ძირს გამოუთხრის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
56% ეთანხმება ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს რუსეთთან დააახლოვებს; რომ მისი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიის გაჩუმებაა. 50% არ ეთანხმება, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია.
გამოკითხულთა 31%-ს კანონპროექტის შესახებ არ სმენია, 3%-მა კი შეკითხვას არ უპასუხა, ან თქვა, რომ „არ იცის“.
შეკითხვაზე, თქვენი აზრით, როგორია მთავრობის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური კურსი, გამოკითხულთა 25%-მა განაცხადა, რომ ის პრორუსულია, 20% ფიქრობს, რომ უფრო პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური. ჯამში 38% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო კურსი პროდასავლურია, ან უფრო პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული. გამოკითხულთა 17%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს პასუხის გაცემა.
კვლევის მონაწილეებს ასევე ჰკითხეს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. 50%-მა თქვა, რომ ის მხოლოდ პროევროპული და დასავლური უნდა იყოს. 32% პროდასავლურ კურსის მომხრეა, თუმცა რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნების პირობით.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 89% უჭერს. კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ევროკავშირის გზაზე მთავარ დაბრკოლებებს შორის ასახელებენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობასა და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.
კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში IRI-ის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები „IPM“-მა განახორციელა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
