თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ (ISIS) გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დამნაშავედ ცნო პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრი, 44 წლის ცისკარა ტოხოსაშვილი და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო სხდომები მედიისთვის დახურული იყო, რადგან საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
პროკურატურის განცხადებით, ცისკარა ტოხოსაშვილი „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდა და სირიის ტერიტორიაზე შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. იგი ISIS-ის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა.
ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა.
ცისკარა ტოხოსაშვილი „ისლამურ სახელმწიფოში“ „ემირ ისად“ იყო ცნობილი. ის ტერორისტულ ორგანიზაციას 2015 წელს შეუერთდა. იმ პერიოდში „ისლამურ სახელმწიფოში“ უკვე გავლენიან პირად მიიჩნეოდა მისი უმცროსი ძმა, ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ალ ბარა ალ შიშანი“. ცეზარ ტოხოსაშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა პანკისელ თარხან ბათირაშვილთან, იგივე „აბუ ომარ ალ შიშანთან“, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო.
2016 წლიდან, ISIS-ის დაცემის შემდეგ, ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილები სირიიდან თურქეთში გადავიდნენ, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ცეზარ ტოხოსაშვილი მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად დაბომბვაში მოყვა და ყველა დაიღუპა, რაც არ დადასტურდა.
2019 წელს ის უკრაინაში, კიევში დააკავეს, 2020 წელს კი მისი ექსტრადირება საქართველოში მოხდა. ცეზარ ტოხოსაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, 2012-2019 წლებში სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 34 პანკისელი ემსხვერპლა.
