რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს კომპანია Gunvor-ს მიჰყიდის

სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ უცხოურ აქტივებს საერთაშორისო კომპანია Gunvor Group შეიძენს. როგორც დღეს, 30 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Gunvor Group Ltd ყიდულობს LUKOIL International GmbH-ს, „ლუკოილის“ 100%-იან შვილობილ კომპანიას, რომელიც მის უცხოურ აქტივებს ფლობს. LUKOIL International GmbH-ის საკუთრებაშია საქართველოში მოქმედი შპს „ლუკოილ-ჯორჯიაც“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

LUKOIL International GmbH-ის გაყიდვა დაკავშირებულია „გარკვეული სახელმწიფოების“, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ „ლუკოილის“ და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებასთან.

„ძირითადი პირობები მხარეებმა წინასწარ შეთანხმდნენ. სავალდებულო გარიგების ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია წინაპირობების შესრულებაზე, მათ შორის მყიდველის მიერ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისისგან (OFAC) ნებართვის, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სხვა ქვეყნებში ლიცენზიების, ნებართვებისა და ტანხმობების მიღებაზე.

საჭიროების შემთხვევაში, მხარეები გეგმავენ მიმართონ OFAC-ის მიერ გაცემული მოქმედი ლიცენზიის, ასევე სხვა ნებართვების გაგრძელების მოთხოვნით, რათა უზრუნველყონ საერთაშორისო აქტივების შეუფერხებელი ფუნქციონირება და მათი საბანკო მომსახურება გარიგების დასრულებამდე პერიოდში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გარგების დეტალები უცნობია.

Gunvor Group („გუნვორ ჯგუფი“) შვეიცარიაში ბაზირებული საერთაშორისო ენერგეტიკული ჯგუფია. კომპანია 2002 წელს დააარსეს შვედმა ტორბიორნ ტერნკვისტმა და გენადი ტიმჩენკომ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენად მიიჩნევა. 

Gunvor Group-ი დიდი ხანის განმავლობაში იყო უმსხვილესი კომპანია, რომელიც საზღვარგარეთ რუსული ნავთობის რეალიზაციას ახდენდა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი მიიჩნევდა, რომ პუტინი უშუალოდ იყო ჩართული ენერგეტიკის სექტორში ტიმჩენკოს საქმიანობაში, დებდა ინვესტიციებს „გუნვორში“ და შესაძლოა, კომპანიის აქტივებზე წვდომაც ჰქონდა. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, სანქციების თავიდან ასაცილებლად, ტიმჩენკომ კომპანიაში თავისი წილი ტერნკვისტს მიჰყიდა.

Gunvor-ის აღმასრულებელი დირექტორი ტორბიორნ ტერნკვისტი

22 ოქტომბერს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დამატებითი სანქციები გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების მიზნით, „რუსეთის მხრიდან სამშვიდობო პროცესისადმი სერიოზული ინტერესის არარსებობის“ გამო. დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის განცხადებით, „იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს ამ უაზრო ომის დასრულებაზე“, სანქციები დაუწესდა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას - „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ , რომლებიც „აფინანსებენ კრემლის საომარ მანქანას“.

აშშ-ის სანქციები გავრცელდება „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ იმ შვილობილ კომპანიებზეც, სადაც ისინი 50%-იან წილს ან მეტს ფლობენ.

მანამდე, ოქტომბრის დასაწყისში, „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ მიმართ შეზღუდვები დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა. ევროკავშირმა ასევე დააწესა სანქციები „ლუკოილის“ დუბაის სავაჭრო განყოფილების წინააღმდეგ.

„ლუკოილი“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდანაა წარმოდგენილი. მისი ძირითადი საქმიანობა ნავთობპროდუქტების იმპორტი და საქართველოს შიდა ბაზარზე რეალიზაციაა. შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ 100%-იან წილს ავსტრიაში რეგისტრირებული LUKOIL International GmbH ფლობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.