სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანიის, შპს „კანიონი 350-ის“ ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი, გიორგი მერკვილაძე ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. მას სოფელ ბალდის მკვიდრზე, მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ერთ-ერთ ლიდერზე, ცოტნე თვარაძეზე ძალადობა ედებოდა ბრალად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
ინციდენტი 2023 წლის 10 ოქტომბერს მარტვილში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფისში მოხდა მას შემდეგ, რაც იქ ბალდის მცხოვრებლები მათგან ფარულად გასხვისებული კანიონის შესახებ მიმდინარე შეხვედრაზე დასასწრებად მივიდნენ.
„იქ დაგხვდა ბალდის კანიონის დირექტორი ზაზა გაგუაც, რომელმაც განგვიმარტა, რომ შეხვედრა დახურული იყო. როცა ოფისს ვტოვებდით, მერკვილაძემ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა“, - ამბობს ცოტნე თვარაძე.
მომხდარის ამსახველი ვიდეო მოძრაობამ „ბალდის კანიონის გადარჩენისთვის“ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა და მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა. მერკვილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120-დან 180 დღემდე, ან შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გიორგი მერკვილაძე ძალადობის ფაქტს უარყოფს და გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
„ოთახში შემოგვეჭრა ადგილობრივი, რომელსაც სამ-ოთხჯერ მოვუწოდე დაეტოვებინა სივრცე, თუმცა, არ გავიდა და ამის შემდეგ მოვკიდე ქეჩოში ხელი და გავაგდე გარეთ. [...] მოსამართლე დაეყრდნო ადგილობრივის მონათხრობს. სამეგრელოში სხვანაირი წესები მუშაობს - ადგილობრივები სარგებლობენ პრივილეგიებით, მათთვის ყველაფერი შეიძლება, მათ შორის, ძალადობაც და ჩასულებისთვის - არაფერი. [...] როგორ შეიძლება, მე დამდონ ბრალი ძალადობაში, როცა აქეთ შემომეჭრა ოთახში. ამაზე საქმე რომ აღძრეს, ესეც კი დანაშაულად მიმაჩნია“, - განაცხადა მერკვილაძემ გამოცემა BM.ge-სთან ინტერვიუში.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, 2023 წლის ნოემბერში, მამუკა მერკვილაძემ ჯგუფურად, მისივე კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პროტესტის კიდევ ერთ მონაწილეს, თაზო რუხაიას. სასამართლოს ამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოუცხადებია.
უკვე 500 დღეა, მარტვილში, სოფელ ბალდაში, კარავში, ადგილობრივი მცხოვრებლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და ითხოვენ გაუქმდეს გადაწყვეტილება, რომლითაც ბალდის კანიონი მათგან ფარულად, 40 წლით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ჯგუფს გადაეცა. ეს ჯგუფი, რომლის სათავეშიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთში საქართველოს ფაქტობრივი ელჩი მამუკა მერკვილაძე (გიორგი მერკვილაძის ძმა) დგანან, კორუფციაშია მხილებული.
კომპანია „კანიონი 350-ს“ ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე ბალდის კანიონზე 407 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციის, კიდული და საცალფეხო ბილიკების მშენებლობა და იქ ბიზნესის კეთება სურს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ბალდის კანიონის 40 წლით გაიჯარების შესახებ არაფერი იცოდა, ვიდრე ბუნების ძეგლი არ შემოღობეს და ხალხს იქ შესვლა არ აუკრძალეს. ბალდელებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროექტი კანიონის ლანდშაფტს ცვლის და ანადგურებს.
მოსახლეობის პროტესტის გამო კომპანია სამუშაოების გაგრძელებას ვერ ახერხებს. ბუნების ძეგლის გაიჯარების გადაწყვეტილება სასამართლოშია გასაჩივრებული.
ამ თემაზე:
