„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით, აქციის მონაწილეთა დაკავებას აგრძელებს. დაკავებულია ტელეკომპანია „ფორმულას“ კიდევ ერთი ჟურნალისტი და წამყვანი, ქეთა ციცქიშვილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს მილიციელებმა. რომ ჰგონიათ, ან მე შემეშინდება, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, - დაწერა ჟურნალისტმა Facebook-ზე დღეს, 20 ოქტომბერს.
„ფორმულას“ განცხადებით, ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავენ შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა.
„მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს.
მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, „ფორმულა“ განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას,“ – ნათქვამია „ფორმულას“ განცხადებაში.
ქეთა ციცქიშვილი მეორე დაკავებული ჟურნალისტია. გუშინ, 19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტის საბაბით დააკავეს ვახო სანაია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს გამართული მორიგი აქციის შემდეგ 14 პირი დააკავა და კიდევ 13-ის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული, საპროტესტო აქციების შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები. შედეგად, აქციის მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
- სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
- გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;
- ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
- დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
ჩამოთვლილი ყველა ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.
