„საკონცენტრაციო ბანაკს ჰგავს“ - რუსეთის მიერ გაძევებული 95 უკრაინელი საქართველოს საზღვარზე რჩება

Photo © Novaya Gazeta Europe

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ბუფერულ ზონაში, რუსეთიდან გაძევებული უკრაინის მოქალაქეები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. „უკრაინელი პატიმრების დაცვის“ ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოს საზღვარზე უკრაინის 95 მოქალაქეა ჩარჩენილი, მათ შორის, 7 ქალია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ორგანიზაციის ცნობით, უკრაინის მოქალაქეები იძულებულნი არიან დარჩნენ სარდაფში, სადაც  მხოლოდ 18 დასაწოლი ადგილია, არ აქვთ სუფთა ჰაერზე ყოფნის, ნორმალური საკვების და დროული სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება.

„ლარსის ბუფერულ ზონაში ვითარება კვლავ კრიტიკულია: უკრაინის მოქალაქეები, რომელთაგან ბევრი რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდა, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან, შეზღუდული აქვთ სამედიცინო მომსახურება, საკვები და სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნების ან მოლდოვას ტერიტორიაზე ტრანზიტის შეუძლებლობის გამო.

ის, რაც დღეს ლარსის ბუფერული ზონის სარდაფში ხდება, ჰგავს თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკს ევროპის საზღვარზე - ადგილს, სადაც ათობით ადამიანი ცხოვრობს სივიწროვეში, ჰაერის, საკვების, თავისუფლების უფლების გარეშე. ისტორიამ უკვე იცის მსგავსი მაგალითები. გავიხსენოთ აუშვიცი: ყველაფერი დაიწყო იზოლაციით, დუმილით და გულგრილობით“, - წერია უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შორის არიან ყოფილი პატიმრები, რომლებმაც სასჯელს რუსეთის ციხეებში  იხდიდნენ, ასევე უკრაინელები, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან (ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი), რომლებმაც უარი თქვეს რუსული პასპორტის მიღებაზე ან ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ამის გამო არიან დეპორტირებულები. მათ უმეტესობას არ აქვთ დოკუმენტები, რომლითაც საზღვარზე გადასვლას შეძლებდნენ.

საქართველო და მოლდოვა საზღვარგარეთის პასპორტების არმქონე უკრაინელების მიღებაზე უარს ამბობენ.

„ეს პირები და მათი უმრავლესობა არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული. როგორიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, გაუპატიურება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. კერძოდ, ნარკოტიკების გასაღება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები არც ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ ისინი კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს. ისინი არიან დეპორტირებული რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. საუბარია დაახლოებით 80 ადამიანზე. ამ ეტაპზე მათი პირობები არის ნორმალური და იცდიან. არიან თუ არ არიან უკრაინის მოქალაქეები, არის დაუდასტურებელი, ვინაიდან არ აქვთ საჭირო დოკუმენტაცია“, - განაცხადა „დარიალის“ სასაზღვრო და იმიგრაციული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე ლუკა პაატაშვილმა 15 ივლისს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისი ივნისიდან დაიწყო. „უკრაინელი პატიმრების დაცვის“ ორგანიზაციის განცხადებით, მალე სარდაფში უბრალოდ ფეხზე დასადგომი ადგილი აღარ იქნება.

„სივიწროვე, ჟანგბადის ნაკლებობა (ადამიანები იძულებულნი არიან კიბეებზე ჯდნენ, რომ როგორმე მაინც ისუნთქონ), ანტისანიტარია და საკვების ნაკლებობა უშუალო საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. სამედიცინო დახმარება კრიტიკულ შემთხვევებში სასწრაფო დახმარების გამოძახებით შემოიფარგლება“, - აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარდაფში იმყოფებიან სხვადასხვა დაავადებების მქონე ადამიანები, მათ შორის, ტუბერკულოზით და აივ ინფექციით დაავადებულები.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, საზღვრიდან რამდენჯერმე განხორციელდა ევაკუაცია: 21 ივნისს ევაკუირებული იქნა 3 ადამიანი, 25 ივნისს - 9, ხოლო 27 ივნისს - 14.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.