ბოლო ორი დღის განმავლობაში, გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით საპროტესტო აქციის 14 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
დაკავებულთა შორის არიან ის პირები, რომლებსაც სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეუფარდა - ქეთა ციცქიშვილი, იმედა კლდიაშვილი, თამარ თოთლაძე, ნინო ბერუაშვილი, თეიმურაზ სარალიძე და საბა ჯაფარიძე. ბექა ქურხულის, კონსტანტინე მიქაიას და ბაჩო (ბორის) კუციას საქმეებზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ვაჟა სირაძემ სხვა დაკავებულების ინიციალები დაასახელა: ა.გ., დ.ა., უ.გ., და დ.ე. „დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის. აქედან გამომდინარე თავს ვიკავებთ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისაგან“, – თქვა მან.
თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გაიმეორა, რომ მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას, დემონსტრანტების ნაწილს კი „შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს“. ვაჟა სირაძის თქმით, ბოლო 3 დღის განმავლობაში „კანონდარღვევის“ 53 ფაქტი გამოავლინეს.
„აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.
აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად - მოახდენენ ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა სირაძემ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 17 ოქტომბერს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომლითაც საპროტესტო აქციების გამართვა კიდევ უფრო იზღუდება და მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს.
აქციის მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
- სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
- გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;
- ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
- დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
ჩამოთვლილი ყველა ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის განცხადებით, სახელმწიფოს შეუძლია საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად საპროტესტო აქციებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი ცვლილებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს გაცილებით სცდება.
