სამოქალაქო აქტივისტი კონსტანტინე მიქაია მეორედ დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, კონსტანტინე (კოკო) მიქაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ხელებზე ბორკოლებდადებული სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც საპატრულო პოლიციის მანქანაში სვამენ.

კოკო მიქაია სექტემბერშიც იყო დაკევბული. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ის სამართალდამრღვევად ცნო გზის რამდენჯერმე გადაკეტვისთვის და 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გასულ კვირაში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომლებიც საპროტესტო აქციებს ზღუდავს და მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს.

მოსამართლეს ჯარიმის გამოყენების უფლება აღარ ექნება და აქციის მონაწილის მიმართ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობას გამოიყენებს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტილ აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:

  • სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
  • გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;
  • ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
  • დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

ჩამოთვლილი ყველა ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის მიერ მოხდა 27 პირის იდენტიფიცირება, რომლებმაც 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა. დაკავებულებს შორის არიან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი. სასამართლომ სანაიას ექვსდღიანი, ხოლო ციცქიშვილს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.