პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშები და აქტივები დააყადაღა

პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარშები და აქტივები დააყადაღა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს პროკურატურაში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილი ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის  მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მისთვის მისჯილი 11-წლიანი პატიმრობა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გიორგი ბაჩიაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

„სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 8 986.86 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების და ქმედებების განხორციელების შედეგად, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი წარმოშობის წყარო, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.

აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების თუ საწარმო სუბიექტების მეშვეობით განახორციელა სხვადასხვა აქტივების შეძენა, ფლობა და გადაცემა, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზება“, - აცხადებს პროკურატურა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება გრძელდება გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებისა თუ სხვა პირების დანაშაულში ჩართულობის დადგენის მიზნით.

გიორგი ბაჩიაშვილს 2023 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ 5 მილიონი დოლარი ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ მიერ მის კომპანიაზე სესხის სახით გაიცა და ის არ წარმოადგენდა ინვესტიციას ბიტკოინებში.

2025 წლის თებერვალში პროკურატურამ ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წარუდგინა ბრალი. ამ საქმეზეც დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.

4 მარტს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებამდე, გიორგი ბაჩიაშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო დატოვა, რის მიზეზადაც მის წინააღმდეგ აღძრული „მორიგი შეთითხნილი“ სისხლის სამართლის საქმე და ბიძინა ივანიშვილის მუქარა დაასახელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით დატოვა, შემდეგ კი სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი რუსული პასპორტით გაიარა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს. თავად გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიტაცეს და საქართველოში დააბრუნებს „აირზენას“ თვითმფირნავით, რომლის ბორტზეც სუს-ის იმდროინდელი უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.