სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთთან დააკავეს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
„2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებს სუსი.
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 4 მარტს, ფარულად დატოვა. შსს-ს გამოძიების თანახმად, ბაჩიაშვილი სომხეთში ავტომობილში მოწყობილი სამალავით გადავიდა, იქიდან კი რუსული პასპორტით კატარში გაფრინდა.
10 მარტს მას „კრიპტოვალუტების საქმეზე“ 11 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
გუშინ, 26 მაისს, ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, ბაჩიაშვილი საუბრობს მკვლელობის შეკვეთაზე, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე.
ბაჩიაშვილის დაკავების შემდეგ, მისმა უცხოელმა ადვოკატებმა თქვეს, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში იძულებით დააბრუნეს და მას წამების საფრთხე ემუქრება.
