„კარგად გახსოვთ, ალბათ, „მხედრიონის“ დრო. დღევანდელი სისტემა, ამ ბატონის [პროკურორის] უწყების თამადობით, სამწუხაროდ, თქვენი [მოსამართლეების] სხვა კოლეგების თამადობით, 21-ე საუკუნის საქართველოს „მხედრიონია“ და მე დღეს ვარ გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს“, – განაცხადა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა 30 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
სამი მოსამართლისგან [გიორგი კერატიშვილი, პაატა სილაგაძე, დავით მამისეიშვილი] შემდგარი კოლეგია ე.წ. ბიტკოინების საქმეს განიხილავს. 27 ივნისს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პროცესის გადაღების ნება პირველად დართო ტელეკომპანია „იმედს“ და საზოგადოებრივ მაუწყებელს. მანამდე, საბჭოს არცერთ სხვა პროცესზე ასეთი ნებართვა არ გაუცია.
დღევანდელ სხდომაზე ბაჩიაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოდან წასვლისა და შემდეგ მისი „გატაცების“ შესახებ. მისი თქმით, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, რადგან ციხეში წამება ემუქრებოდა.
„პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია, ციხეში შენს წამებას აპირებენო. გაგჭყლიტავ ციხეშიო - პირდაპირ ასე თქვესო. ზუსტად ამ სიტყვების მერე გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება, მომიწია ქვეყნის დატოვება. და რა მოხდა ამის შემდეგ -
თვალზე მეშოკჩამოფარებული მატარეს 2 დღე აბუ-დაბისა და დუბაიში, არანაირი ადვოკატის, არანაირი მოსამართლის და პროკურორის შეხვედრის უფლების გარეშე და პირდაპირ, ძალით, შემათრიეს „აირზენას“ თვითმფრინავზე, სადაც დამხვდა ანრი ოხანაშვილი და რამდენიმე მაღალჩინოსანი. ყველანაირი კანონის დარღვევით, მე თქვენს წინაშე ვდაგავრ მოტაცებული. მე დღეს პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე, მინდა, რომ ეს იცოდეთ.
ასეა ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით. ვითომ რომ მიპოვეს თეთრი მაისურითა და თეთრი ფეხსაცმლით სადღაც მდინარეგადმოცურული, ესაა სიცრუე და ამ მოტაცებაზე გამოძიების დაწყება ვითხოვე ჯერ კიდევ 29 მაისს, როდესაც ჩემი სასამართლო სხდომა იყო სხვა საქმეზე. არცერთი ადამიანი, არც მე არ დავკითხულვართ, არც ჩანაწერი ამოღებულა, არც დაზარალებულად ვცნობილვარ, არანაირი პროცედურა არ შემდგარა.
შემდგომ, როცა აქ ჩამომიყვანეს, ტყვეობაში მომიწყვეს წამება 11 ივლისს. ქსნის საპყრობილიდან საგულდაგულოდ ჩამოიყვანეს ჯალათი - პირდაპირ გაიღო კამერის კარი, დამიწყო გინება, ცემა, შუშით დამუქრება, გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი სხვა დაზიანება მაქვს მიღებული. არც კამერები წარმოუდგენია ჩვენთვის არავის ჯერჯერობით და არც დაზარალებულად არ ვუღიარებივარ. ვითომ დაიწყეს გამოძიება. ვინ არის დაზარალებული მაშინ, მე თუ თავგატეხილი გამომიყვანეს იქიდან?! როდესაც სჭირდებოდათ, კამერების ჩანაწერი რამდენიმე საათში გამოაქვეყნეს. ჩვენ მითვისების საქმეს კი არ განვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ გამოძალვის საქმეს, ჩემი დატყვევებისა და წამების საქმეს. მითვისებასთან არაფერი აქვს საერთო ამ საქმეს“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მან ისაუბრა თავად „ბიტკოინების საქმეზეც” და იმ მიზეზებზე, თუ რატომ დაიწყო მის მიმართ “პოლიტიკური და პირადი შურისძიება“. მისი თქმით, არ არსებობს შემთხვევა , რომ მას და ბიძინა ივანიშვილს რაიმე საერთო ან საწილო საქმე ჰქონოდათ:
„2016 წლის ნოემბერში სესხი გავისტუმრე თავის პროცენტიანად და არავის არანაირი პრეტენზია არ ქონია. პრეტენზია გაჩნდა მას შემდეგ, როდესაც ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკაში არ გავყევი. როდესაც ზაზა შათირიშვილმა პირველი ანტიდასავლური პროპაგანდა გაავრცელა, ჩემგან უნდოდა ამის გავრცელება. ამაზე კი უარი ვუთხარი.
შემდეგ იფიქრა, რომ „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო. ასევე მის გარშემო ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ვგმობდი.
აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც. ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ის ბევრს ეხმარებოდა, ამიტომ მივედი და ვუთხარი, რომ ფულის სესხება მინდოდა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, გამიშვა ბანკში. ბანკში რისკებს ხედავდნენ, რადგან არ იცოდნენ ამის შესახებ.
მე ბიძინა ივანიშვილს სატელეფონო საუბარში ვუთხარი, რომ რისკები არსებობდა, მაგრამ მე ეს საქმე ვიცი, რისკი კი დაბალი იყო, ამიტომ ისიც ვუთხარი, რომ ქონებაც ამაში მქონდა. მან კი მითხრა ნატოს [ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნატო ხაინდრავა] დავლაპარაკებოდი და თვითონაც დაელაპარაკებოდა. ნატოსთან კი იმ დღესვე მივედი.
ივანიშვილმა ჩვენებაში თქვა, რომ ნატომ გადააფიქრებინა და მერე მე თავად შემოვიდა ინვესტორად. ეს კი ტყუილია. როდესაც ნოემბერში სატელეფონო ჩანაწერი გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მას სურდა ამ საქმეში შესვლა და არა მე. შემდეგ, როდესაც სატელეფონო ჩანაწერი გამოჩნდა მეორე ჩვენება მისცა და თქვა, რომ ის გავაკეთე, რასაც მამა შვილსაც არ უზამს. მამაშვილურად დავეხმარეო, ანუ ბიზნესი „ავახიეო“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის საქმის სასამართლო პროცესი თავდაპირველად 24 ივლისს იყო ჩანიშნული, თუმცა, როგორც მისი ადვოკატი დავით ჯანდიერი აცხადებდა, აღნიშნული სხდომა ტექნიკური მიზეზებით გადაიდო. ადვოკატის თქმით, საბოლოოდ პროცესის 30 ივლისს ჩანიშვნა განპირობებულია იმით, რომ საზოგადოებისათვის ბაჩიაშვილის „დანახვა შესაძლებლად ჩაითვალა“.
14 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილმა გაავრცელა წერილი, რომელშიც ის პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ზეწოლის შესახებ ჰყვებოდა. მისი განცხადებით, ციხის უფროსი, დავით გოგობერიშვილი მას „მეგობრულად“ ურჩევდა, ბიძინა ივანიშვილისთვის საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტის ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, რაზეც ბაჩიაშვილმა უარი განაცხადა. უარის შემდეგ, 11 ივლისს, მის საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელმაც მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენა თავისა და სხეულის არეში. ინციდენტის შემდეგ, ბაჩიაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა, მისი თქმით, ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევდნენ.
გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. 10 მარტს, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებამდე, მან ქვეყანა დატოვა. დაახლოებით თვე-ნახევარში ის დააკავეს და ამჟამად სასჯელს გლდანის ციხეში იხდის.
