თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის 11-წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის (პაატა სილაგაძე - თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი და გიორგი კურატიშვილი) გადაწყვეტილება დღეს, 12 აგვისტოს, გამოცხადდა.
„ჩვენი მონლოდინი იყო ის, რომ სამართლიანობის მოლოდინი არ უნდა გვქონოდა. ეს დადასტურდა ამ საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოში. საერთოდ, ამ საქმის ფაბრიკაცია და შეკერვა არის ამის ნათელი დადასტურება“, - განაცხადა ბაჩიაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა.
პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მიითვისა კრიპტოვალუტა და მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია.
„ფაქტობრივი გარემოებები ძალიან მარტივად გამოიყურება: ფაქტობრივი ინვესტიციები იყო 6.5 მილიონი ლარი - რომ დავამრგვალოთ რიცხვები. ბრალდება ედავებოდა და სასამართლომ ეს დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მონაწილეობა იყო მხოლოდ და მხოლოდ მილიონ-ნახევრის ფარგლებში. ეს მას პრაქტიკულად აღიარებული აქვს, კრიპტო ბირჟას თვითონ მისწერა იმეილი, სადაც თქვა, რომ ინვესტიციებში მონაწილეობისას მან სწორედ მილიონ-ნახევრით დააფინანსა ეს პროქტი. ამას ვედავებოდით, სხვა არაფერს. ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ მთლიანად, ეს ინვესტიცია, ექვს მილიონ ნახევარი მას ეკუთვნოდა“, - განაცხადა სადრაძემ.
დაცვის მხარე აპირებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ გამამტყუნებელ განაჩენს უზენაესი სასამართლოც ძალაში დატოვებს.
გიორგი ბაჩიაშვილს 2023 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებამდე, ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა, თუმცა, დაახლოებით ორ თვეში ის დააკავეს - როგორც თავად ამბობს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, 26 მაისს „ანონიმური შეტყობინებით“ გაიგეს, რომ ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“, რის შემდეგაც დააკავეს.
ბაჩიაშვილი ამჟამად სასჯელს გლდანის ციხეში იხდის. ის ასევე ბრალდებულია „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, სადაც მოსარჩელე ბიძინა იავნიშვილია.
