თბილისში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. მანამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში იქ ჩხრეკა მიმდინარეობდა ისე, რომ კოალიციის ლიდერები და ადვოკატი შიგნით არ შეუშვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
ერთ-ერთი დაკავებულის, დავით გედენიძის ძმა, ტიტე გედენიძე ამბობს, რომ პოლიციელებმა არ უთხრეს, სად გადაიყვანეს ახალგაზრდები.
„გვეუბნებიან, გამოკითხვაზე წავიყვანეთო და ამ დროს ხელებგადაგრეხილები გამოიყვანეს. ამოიღეს ჩაფხუტები, საწვიმრები, დროშები და მსგავსი ატრიბუტიკა. აქ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის. არაფრის გამო წაიყვანეს და დააკავეს. ასე არ შეიძლება, რუსეთია უკვე ეს ქვეყანა“, - თქვა ტიტე გედენიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყველა პროცესუალური უფლება დაარღვიეს.
„არ წარმოგვიდგინეს არც ჩხრეკის ორდერი, არც დადგენილება, არაფერი. ვთხოვეთ შეეშვათ ადვოკატი, მაგრამ არ შეუშვეს. ამიტომ ყველა წესი და პროცედურა არის დარღვეული“, - განაცხადა კორძაიამ. მისი თქმით, „რუსული რეჟიმი ფესვებს იდგამს“ ქვეყანაში.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საპროტესტო აქციებში ჩართული ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ ბინებს ჩხრეკენ.
ჩხრეკა ჩატარდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში, რა დროსაც პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია დააკავეს.
პოლიციამ გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს განჩინების გარეშე, გაჩხრიკა ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელი ბინაც. როგორც პოლიციელებმა განმარტეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 2391-ე მუხლებით არის აღძრული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.
გუშინ 3 დეკემბერს, კრიმინალურმა პოლიციამ აქტივისტ დოდი ხარხელის პირადი ჩხრეკა ჩაატარა. მას ქუჩაში, შვილის საბავშვო ბაღში დატოვების შემდეგ დახვდნენ. პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობდა აქტივისტის საცხოვრებელ ბინაში. ამ შემთხვევაში შსს-მ ჩხრეკის საბაბად რამდენიმე თვის წინ, დოდი ხარხელის ყოფილი მეუღლის უჩა აბაშიძის საქმეზე დაწყებული გამოძიება დაასახელა.
პოლიტიკოსები და აქტივისტები ჩხრეკებსა და დაკავებებს დაშინების მცდელობად აფასებენ.
