„მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივმა დევნამ გამოიწვია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების არაერთი დარღვევა, რამაც, ერთად აღებულმა, სერიოზულად გამოუთხარა ძირი მის წინააღმდეგ სამართალწარმოების სამართლიანობას. ... მზიას სასამართლო პროცესისა და გამამტყუნებელი განაჩენის მთავარი მოტივი მისი და სხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინება იყო“, – ამის შესახებ ნათქვამია TrialWatch-ის ახალ ანგარიშში - „საქართველო მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“, რომელიც „კლუნების ფონდმა“ გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
ფონდი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან „ეს პრორუსული პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს საქართველოში პრესის თავისუფლებისა და სასამართლო დამოუკიდებლობის გაუარესების ფონზე მოხდა“. ფონდი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის „სასამართლო პროცესმა და გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლზე და ის მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა“.
ვრცელ ანგარიშში, რომელის ექსპერტია ბრიტანელი იურისტი და მოსამართლე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი სერ ნიკოლას ბრატცა, გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული უფლებების დარღვევები, რაც „ადასტურებს, რომ სასამართლო პროცესი იყო უსამართლო და არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას და შესაბამისად, არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს“.
ანგარიშის მიხედვით, დაირღვა მზია ამაღლობელის ძირითადი უფლებები, მათ შორის:
- არჩეული ადვოკატის ეფექტური ხელმისაწვდომობის უფლება;
- უფლება, ინფორმირებული ყოფილიყო იმ ბრალდების შესახებ, რაშიც იგი საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს, რაც დაირღვა სასამართლო პროცესის დასასრულს ბრალდების ხელახალი კლასიფიკაციით;
- სამართალწარმოებაში ეფექტური მონაწილეობის უფლება, რაც შეფერხდა მისი მინის კაბინაში ან „აკვარიუმში“ დაუსაბუთებელი მოთავსებით, რამაც სერიოზულად შეაფერხა ბრალდებულის შესაძლებლობა ეფექტური და კონფიდენციალური კომუნიკაცია ჰქონოდა ადვოკატებთან;
- უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც დაირღვა სასამართლო პროცესის მსვლელობისას მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული მიკერძოებული განცხადებებით;
ანგარიშში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელის საქმეში მტკიცებულებებიდან დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებისა და ინციდენტამდე განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეოჩანაწერების ამორიცხვით სასამართლომ გაუმართლებლად მეტი სანდოობა მიანიჭა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად კი, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან თითოეულ ბრალდებულს მისცენ „გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ აყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში ოპონენტთან შედარებით“.
„მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება დაირღვა სასამართლო პროცესის განმავლობაში მის მიმართ მოპყრობით. სასამართლომ მზია შუშის გალიაში გამოკეტა, რომელიც ციხის მცველებით იყო გარშემორტყმული. ის აკვარიუმში საკუთარი ჩვენების მიცემის დროსაც კი დარჩა. მზია საკმაოდ პატივცემული ჟურნალისტია, სუსტი მხედველობით და ნასამართლეობის გარეშე. უსაფრთხოების არანაირი მოსაზრება არ ამართლებდა აკვარიუმში მისი იზოლირების მასტიგმატიზირებელ ეფექტს, რასაც ადასტურებს ისიც, რომ სასამართლომ ვერ მოუხმო ამ მიდგომის მხარდასაჭერად რაიმე ობიექტურ მტკიცებულებას. გარდა ამისა, სასამართლომ, როგორც ჩანს, არ განიხილა გამართლებული იყო თუ არა მზიას პატიმრობის მავნე შედეგები რაიმე ჰიპოთეტური საფრთხით, რომელსაც ის შეიძლება წარმოადგენდეს“, - წერია ანგარიშში.
სასამართლო პროცესის ერთ-ერთ ხარვეზთან - ბრალდების უეცარ გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბრალდებულისთვის მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ სრული და დეტალური ინფორმაციის მიწოდება სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა.
„მზია ამაღლობელს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმის დანაშაულში, რომელიც დაკავშირებულია მის სამსახურებრივ მოვალეობასთან. სასამართლომ დაასკვნა, რომ პოლიციელზე თავდასხმის დანაშაულის შემადგენელი ელემენტები, რომელშიც ბრალდებულს ბრალი წაუყენეს და რომელშიც მან თავი დაიცვა, არ იყო დაკმაყოფილებული, რადგან ბრალდებულის ქცევა არ წარმოადგენდა აგრესიული ქმედების ტიპს, რომელიც, პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის გამო, შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც თავდასხმა.
ამის ნაცვლად, დანაშაული, რომლისთვისაც ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი, განაჩენში ხელახლა დაკვალიფიცირდა 353-ე მუხლის პირველი პუნქტით, როგორც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის ან მისი კანონიერი საქმიანობის შეფერხების ან შეცვლის მიზნით და რომელსაც თან ახლდა ძალადობა. დანაშაული გადაკვალიფიცირდა სასამართლოს განაჩენში ბრალდებულისთვის დამტკიცებულად მიჩნეულ დანაშაულზე პასუხის გაცემის შესაძლებლობის გარეშე.
გარდა ამისა, სასამართლოს წინაშე წარდგენილი ვერცერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებდა, რომ ბრალდებულს რეალურად ჰქონდა განზრახვა, წინააღმდეგობა გაეწია შესაბამისი პოლიციელისთვის ან რომ მას ჰქონდა მიზანი, ხელი შეეშალა მისთვის კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში.
ეს უსამართლობა კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჯარიმის ან შინაპატიმრობის ნაცვლად, რაც ასევე გათვალისწინებულია გადაკვალიფიცირებული დანაშაულით“, - წერს ექსპერტი.
დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე. აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიძლება დაირღვეს არა მხოლოდ მოსამართლის ან სასამართლოს მიერ, არამედ სხვა სახელმწიფო ორგანოებმის მხრიდანაც, თუ კეთდება ისეთი განცხადებები, რაც ბრალდებულის დამნაშავედ გამოცხადებას უტოლდება.
„ამ საქმეში, მაღალი თანამდებობის პირებმა ბრალდებულის სასამართლო პროცესის დროს გააკეთეს უაღრესად მიკერძოებული განცხადებების სერია, კომენტარი გააკეთეს მის სავარაუდო მოტივებზე და წინასწარ განსაზღვრეს მისი ბრალეულობა. კერძოდ, ისინი აცხადებდნენ, რომ იგი მოქმედებდა არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც პარტიული აქტივისტი, რომლის მიზანიც იყო სამართალდამცავი ორგანოების ავტორიტეტის შელახვა ქართველი ხალხის თვალში და რომ ის მოქმედებდა უცხოელი აგენტებისა და გარეშე მფარველების გავლენით.
მზია ამაღლობელის, როგორც წამყვანი და პატივცემული ქართველი ჟურნალისტის სტატუსი, პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფებისა და სხვა კრიტიკოსების, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ ბოლო დროს მიღებული ზომები, პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების ნაცვლად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მიერ მისი სასამართლო პროცესის დროს გაკეთებული მიკერძოებული განცხადებები, სასამართლო პროცესში არსებული სერიოზული ხარვეზები, მათ შორის მის დასასრულს დანაშაულის ხელახალი კვალიფიკაცია და ხელახალი კვალიფიკაციით დაკისრებული არაპროპორციული თავისუფლების აღკვეთის სასჯელი ერთად ქმნის მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მთლიანობაში სამართალწარმოების უმთავრესი მიზანი იყო მზია ამაღლობელის დისკრედიტაცია, მისგან მაგალითის შექმნა და სხვა ჟურნალისტების მიერ თავიანთი როლის შესრულებისგან თავის შეკავება“, - ვკითხულობთ ექსპერტის დასკვნაში.
იურისტ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის მიერ დაფუძნებული ფონდი სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დასაცავად უსასყიდლო იურიდიულ დახმარებას 40-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა. ფონდის ინფორმაციით, მათი მუშაობის წყალობით, პატიმრობიდან ათობით ჟურნალისტი გათავისუფლდა.
