საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომლის შემადგენლობაშიც მოსამართლეები ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი და მამუკა ვასაძე არიან.
უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო პროკურატურის საჩივარიც. ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმებას და მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.
ამაღლობელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი პოლიტპატიმარი ჟურნალისტი ქალია საქართველოში. ის უკვე წელიწადზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად დააკავეს სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისათვის, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“. დაკავებიდან რამდენიმე საათში, ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის. დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა აცხადებდა, რომ „ლოყა ეტკინა“.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აღიძრა. ამ „ბრალის“ დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს ჯარიმის შეფარდება შეეძლო, ჟურნალისტი 2 წლით დააპატიმრა. 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. კერძოდ, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა. მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორი საჩივარია შესული.
პატიმრობაში ყოფნის დროს, მზია ამაღლობელს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა, მათ შორის, გახდა ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის ლაურეატი.
