9 პროდასავლურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსი“ შექმნა

ცხრა პროდასავლური პოლიტიკური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ და „ევროპული საქართველო“ - ოპოზიციის ალიანსში გაერთიანდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ.

„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას“, - აცხადებენ პარტიები.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, ოპოზიციის ალიანსი ემყარება შემდეგ პრინციპებს:

  • ერთობა ერთფეროვნების გარეშე: ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. მათი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს მოკავშირეებს დაანახონ, რომ წარმოადგენენ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას.
  • დემოკრატიული ალტერნატივა: პარტიები თანხმდებიან, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს. ისინი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალიანსი დაეფუძნოს მონაწილეების თანასწორობის პრინციპსა და გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვას.
  • პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი: პარტიები მიზნად ისახავენ საზოგადოების ფართო ჩართულობით დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დაამარცხონ ივანიშვილის რეჟიმი და ჩამოაყალიბონ დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს.

„ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალიანსს არ უერთდება „ლელო - ძლიერი საქართველო“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

„ლელომ“  19 თებერვალს განაცხადა, რომ ბოლო წლებში დემოკრატიულ ძალებს არაერთხელ შესთავაზეს სისტემური ერთობის ფორმატები - ალტერნატიული პარლამენტის იდეა, პრეზიდენტის ქარტიის გარშემო კონსოლიდაცია, არაპარტიული ეროვნული ერთობის მოდელი - რომლებიც შეჩერდა ან ჩაიშალა, შედეგად კი „დაზიანდა იდეა და ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოების ნდობაც სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიმართ“.

„გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, გიორგი შარაშიძემ თქვა, რომ ცხრავე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფია, რის გამოც „ეს ფლანგი“ მისი პარტიისთვის მიუღებელია. „ჩვენთვის ეს ფლანგი, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია, წითელი ხაზი იყო ყოველთვის და დარჩება წითელ ხაზად“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.