აშშ-ის „ჰელსინკის კომისიაში“ გამართულ მოსმენაზე, რომელიც ევროპაში ჩინეთის გავლენებს ეხებოდა, კონგრესმენმა და კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ქვეყანა ჩინეთის ვალის მონობაში გაყიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
უილსონმა აღნიშნა, რომ ჩინეთი აქტიურად ეხმარება ვლადიმერ პუტინს რუსული ენერგორესურსების შეძენითა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მისი მფარველობით, რათა ომის დამნაშავეები სასჯელს გადაურჩნენ. მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიზანი 2049 წლისთვის გლობალური დომინირებაა, რისთვისაც ის ევროპის დასუსტებასა და რუსეთის მიერ გავრცელებული ქაოსის გამოყენებას ცდილობს.
კონგრესმენის შეფასებით, ავტორიტარული რეჟიმების მიერ გამოყენებული ტაქტიკა სულ უფრო მსგავსი ხდება და ეს პროცესი საქართველოზეც აისახა. უილსონმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „დიქტატურამ“ დააპატიმრეს ოპოზიციური ლიდერები და დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს, რომელსაც თავისუფლება სურს და არა „ჩინეთის ვალის ხაფანგის დიპლომატია“ ან რუსული ოლიგარქია. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დიდი ხანია ივანიშვილის ოპერაციების ბაზა და სიმდიდრის წყაროა.
კონგრესმენის თქმით, 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ჩინეთმა „ქართულ ოცნებას“ მიაწოდა სათვალთვალო ტექნოლოგიები და ფინანსური მხარდაჭერა პროამერიკელი ქართველი ხალხის ნების ჩასახშობად.
გამოსვლისას ჯო უილსონმა ასევე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიულ „შუა დერეფანზე“ და აღნიშნა, რომ მიუხედავად დონალდ ტრამპის მცდელობისა, მოეხდინა მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია, „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩააბარა. ამით ამერიკის წვდომა ამ მნიშვნელოვან დერეფანზე ახლა არსებითად ჩინეთის მიერ კონტროლდება.
ჰელსინკის კომისიის განცხადებით, მაშინ როდესაც ევროპელი მოკავშირეები რუსულ აგრესიაზე იყვნენ ფოკუსირებულნი, ჩინეთმა მოახერხა პოზიციების გამაგრება ეკონომიკურ სექტორებში, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამეცნიერო სფეროებში. კომისია მიიჩნევს, რომ ჩინეთი თითოეულ ქვეყანაზე მორგებულ მეთოდებს იყენებს, დაწყებული ფარული პოლიტიკური გავლენიდან, დასრულებული მტაცებლური სამრეწველო პოლიტიკით, რათა ევროპის დასუსტების კამპანია განაგრძოს.
