18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისში, ერთ-ერთ ბარში 18 წლის ალექსანდრე შაკიაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 37 წლის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი დღეს, 5 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა ამავე საქმეზე ბრალდებულ რაჯი პაკელიანს. სასამართლომ ის დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ.

მკვლელობა 2025 წლის 11 მაისს, გამთენიისას, „რატის ბარში“ მოხდა. პროკურატურის განცხადებით, ივანე გიგლემიანმა განზრახ მკვლელობის მიზნით, 18 წლის ახალგაზრდა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ოთახში გაიყვანა და დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. გამოძიებით დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა,რაჯი პაკელიანმა ნამდვილად იცოდა მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი პოლიციას არ შეატყობინა.

„18 წლის ბიჭმა გვერდით ჩავლისას უბრალოდ მხარი გაჰკრა, მხოლოდ ამ მიზეზით შეიყვანა ოთახში და დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები. ამის შემდეგ დაჭრილი მიატოვა, გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან. მეორე ბრალდებულს უთხრა ჩადენილი ქმედების შესახებ, რის შემდეგაც ორივე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა 13 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე.

ალექსანდრე შაკიაშვილი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ივანე გიგლემიანი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის, 2008 წელს - 18 წლის ლაშა რუბაშვილის მკვლელობისთვის. მოკლულის დედის, დოდო მაისაძის თქმით, მაშინ მკვლელს 26.5 წელი მიუსაჯეს, თუმცა 2012 წელს ამნისტია შეეხო და ციხეში მხოლოდ 7 წელი გაატარა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.