BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას იმის შესახებ, რომ საქართველოში 2024 წლის ბოლოს მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს „მაგნიტსკის აქტის“ ავტორი ბილ ბროუდერი გამოეხმაურა. მისი თქმით, ერთადერთი კითხვაა, ეს საქართველოს მთავრობამ თავად მოიფიქრა, თუ რუსმა კურატორებმა უკარნახეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
„საქართველოს მთავრობა მომიტინგეების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს. ეფექტი ზემოქმედების შემდეგ რამდენიმე კვირა გრძელდება. ზნეობადაცემულობის ახალი დონე. ერთადერთი კითხვაა, თავად მოიფიქრეს ეს თუ რუსმა კურატორებმა უკარნახეს“, – წერს ბროუდერი პლატფორმა X-ზე.
ბილ ბროუდერი – აშშ-ში დაბადებული ბრიტანელი ფინანსისტი და კრემლის კრიტიკოსი – Hermitage Capital-ის აღმასრულებელი დირექტორია. აღნიშნული კომპანია ოდესღაც რუსეთის უდიდეს უცხოელ ინვესტორად მიიჩნეოდა. 2005 წელს, მას შემდეგ, რაც კორუფცია გამოააშკარავა, ბროუდერს რუსეთში შესვლა აუკრძალეს და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ გამოცხადეს. 2009 წელს მისი ადვოკატი, სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც მრავალმილიარდიანი საგადასახადო თაღლითობა გამოიძია, ციხეში აწამეს და მოკლეს. ბროუდერმა დაიწყო კამპანია პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მისაცემად, რაც საბოლოოდ „მაგნიტსკის აქტის“ შექმნით დასრულდა.
„მაგნიტსკის აქტი“ პირველად აშშ-ში 2012 წელს მიიღეს. ის ადამიანის უფლებების დამრღვევებისა და კორუმპირებული თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საშუალებას იძლევა. სანქციები ითვალისწინებს ვიზების გაცემაზე აკრძალვასა და აქტივების გაყინვას. მსგავსი კანონები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იქნა მიღებული.
2024 წელს, საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო, აშშ-მა „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარებას“) და „ხარებას მოადგილეები - მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე. რამდენიმე თვეში ყველა მათგანი თანამდებობებიდან მოხსნეს.
რაც შეეხება ჟურნალისტურ გამოძიებას, BBC-მ შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ 2024 წლის ბოლოს თბილისში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. საუბარია ნივთიერება ბრომბენზილ ციანიდზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტე“ უწოდეს. კამიტე საფრანგეთის არმიამ პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები მწირია. მიიჩნევა, რომ ის მოხმარებიან 1930-იან წლებში ამოიღეს მისიგრძელვადიანი ეფექტების შესახებ შეშფოთების გამო და „ცრემლსადენი გაზით“ ჩაანაცვლეს.
თბილისში გამართული დემონსტრაციების ერთ-ერთმა მონაწილემ მისი და აქციის სხვა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული წყლის ჭავლის შესახებ BBC-ს უთხრა, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს წყალი სწვავდა და ამ შეგრძნებისგან თავის დაღწევა დაბანითაც კი შეუძლებელი იყო. პროტესტის მონაწილეები სხვა სიმპტომებსაც უჩიოდნენ, მათ შორის ქოშინს, ხველას და ღებინებას, რაც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა.
BBC-მ მოახერხა სპეციალური დანიშნულების რაზმების ინვენტარიზაციის სიის, 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლის, მოპოვება. ჟურნალისტებმა მასში ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - ჩამონათვალში ისინი მითითებული იყვნენ, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს - ის სხვა ქიმიურ ნაერთებს წყალში გაიხსნის საშუალებას აძლევს.
„ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოწმედება. ეს ნამდვილად არ არის ის ქიმიკატი, რომელიც შეიძლება ხალხს პროტესტის დროს შეასხა. ყველაფერი დამოკიდებულია დოზებზე - რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტია გართულებების რისკი“, - ამბობს კრისტოფერ ჰოლსტიგი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. მათგან ერთადერთი, რომელიც, როგორც BBC-მ დაადგინა, ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდია.
„არსებული მონაცემები, დაზარალებულთა და სხვა მოწმეების მიერ მოხსენებული კლინიკური სიმპტომები შეესაბამება ბრომბენზილ ციანიდის ზემოქმედებას“, – განაცხადა ქიმიური იარაღის ექსპერტმა, კრისტოფერ ჰოლსტიგმა და გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სიმპტომები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო უფრო გავრცელებული სპეციალური საშუალებით, როგორიც ცრემლსადენი გაზია. მისი თქმით, სიმპტომების ხანგრძლივობა არ შეესაბამება ცრემლსადენი გაზის ეფექტს.
კრისტოფერ ჰოლსტიგმა ივარაუდა, რომ ბრომბენზილ ციანიდი შესაძლოა გამოყენებულიყო, რადგან ისძლიერ შემაკავებელ საშუალებას წარმოადგენს: „ის დიდი ხნის განმავლობაში აკავებს ადამიანებს. ისინი ვერ მოახერხებენ სიმპტომებისგან თავისდაღწევას დამოუკიდებლად. საავადმყოფოში წასვლა მოუწევთ. საპროტესტო აქციის ადგილის დატოვებამოუწევთ. თუ ამ ნივთიერების გამოყენება მართლაც განახლდა, ეს უკიდურესად საშიშია“.
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღი“ უწოდა და საერთაშორისო სასამართლოებში ჩივილით დაემუქრა. პარტიაში განაცხადეს, რომ გამოქვეყნებული მასალა „სიცრუის კორიანტელია“ და წარმოადგენს მცდელობას, „ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია - საქართველოს სახელმწიფოებრიობას“.
სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია „იმედმა“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადება გაავრცელა. გომელაური ამბობს, რომ ნივთიერებები, რაზეც BBC-ის გამოძიებაშია საუბარი, „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთასამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე“.
ჟურნალისტურ მასალასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
