სუს-მა BBC-ის მასალის შემდეგ გამოძიება „მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლითაც დაიწყო

სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც სუს-ში აცხადებენ, „გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

„დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ. [...] გამოძიება იმუშავებს ყველა მიმართულებით“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის მიერ მომზადებული ჟურნალისტურ გამოძიების მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდა. საუბარია ბრომბენზილ ციანიდზე, ე.წ. „კამიტზე“. BBC-ის რესპონდენებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები, ირაკლი შაიშმელაშვილი და ლაშა შერგელაშვილიც.

სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“  განცხადება, სადაც BBC-ის საგამოძიებო მასალა „სიცრუის კორიანტელად“ არის შეფასებული. პარტია საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს.

ბრალდებებთან დაკავშირებით „სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას“ ელის ევროკავშირი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.