იმერეთში, თერჯოლის, ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, 224 მგვტ ჯამური სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის ასაშენებლად, „წითელი ნუსხით“ დაცული 7 ათასზე მეტი წაბლისა და უთხოვრის ხეს, ასევე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ 2 100-ზე მეტ კოლხური ბზის ხეს მოჭრიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
გოგნის ქარის ელექტროსადგურის პროექტი 28 გიგანტური ტურბინის, 220 კვ ქვესადგურისა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობას ითვალისწინებს. ეს ინფრასტრუქტურა ჯამში 225 ჰექტარზე განთავსდება, საიდანაც 76 ჰექტარზე მეტი სახელმწიფო ტყეა.
გოგნის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის 30 მარტს გასცა. ამ სააგენტოს ელენე ღუბიანური ხელმძღვანელობს, რომელიც 2018–2021 წლებში თურქული კომპანია „ENKA Renewables“-ის მთავრობასთან ურთიერთობების დირექტორი იყო.
უკვე 9 ივლისს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განკარგულება გამოსცა, რომლითაც შპს „გოგნის ქარის კომპანიას“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების მოჭრის უფლება მიეცა.
კომპანიის წილების 90%-ს შპს „ეიჯი ვინდ ფაუერი“ ფლობს, რომლის ერთადერთი მფლობელიც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძეა.
„გოგნის ქარის კომპანიის“ დარჩენილი 10% შპს „ეგ-ს“ ეკუთვნის, რომლის მეპატრონეც ემზარ გამეზარდაშვილია.
ელექტროსადგურის ძირითადი ინფრასტრუქტურა სოფელ გოგნსა და სოფელ მუხურას შორის მდებარე მთის ქედზე განთავსდება. დაგეგმილია 28 ერთეული ქარის ტურბინა-გენერატორის მონტაჟი: თითოეულის სიმძლავრე 8 მგვტ-ია, ანძის სიმაღლე - 140 მეტრი, ხოლო როტორის დიამეტრი - 200 მეტრი.
გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთიანი ქსელისთვის მისაწოდებლად, ტურბინებს შორის, 1.33 ჰა ფართობზე, 220 კვ ძაბვის ქვესადგური აშენდება. ქვესადგურიდან „ზესტაფონი 500“-მდე გაიყვანენ 21.2 კმ სიგრძის საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც 87 ერთეულ ანძას მოიცავს და 474 კერძო ნაკვეთს გადაკვეთს. ასევე დაგეგმილია 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა კაბელებისა და 31 კილომეტრი სიგრძის შიდა მისასვლელი გზების მოწყობა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ნებართვის საფუძველზე, კომპანია ბუნებრივი გარემოდან ამოიღებს: 7 533 ინდივიდ ჩვეულებრივ წაბლს; 2 115 ინდივიდ კოლხურ ბზას; 40 ინდივიდ უთხოვარს. ტყის ამ მასივებში, წაბლის, ბზისა და უთხოვრის გარდა, ფიქსირდება იმერული მუხა და ძელქვაც.
გარემოსდაცვითი რისკები და გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას აღდგენითი ღონისძიებები ევალება, გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ ათასობით დაცული სახეობის ჩეხვა ეკოსისტემისთვის შეუქცევად ზიანს გამოიწვევს.
საპროექტო არეალი მდიდარია ბიომრავალფეროვნებითაც - აღრიცხულია ფრინველთა 63 და ძუძუმწოვართა 24 სახეობა, მათ შორის „წითელი ნუსხის“ წარმომადგენლები: ორბი, ველის კაკაჩა, მურა დათვი და კავკასიური ციყვი. გზშ-ს მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელფრთიანებს (ღამურებს). მათ დასაცავად კომპანიას დაევალა ტურბინების სპეციალური რეჟიმით მუშაობა და სიკვდილიანობის მკაცრი მონიტორინგი EUROBATS-ის პრინციპების შესაბამისად.
პროექტის არეალის 800 მეტრის რადიუსში 1 162 სახლი ხვდება. უახლოესი მუდმივი საცხოვრებელი სახლი სოფელ მუჯირეთში, ტურბინებიდან 515 მეტრში მდებარეობს, ხოლო სოფელ გოგნის სახლები - 617 მეტრში.
მოსახლეობაზე ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გავლენა შუქ-ჩრდილების ციმციმია. გზშ-ს მიხედვით, მოდელირებამ აჩვენა, რომ ეს ეფექტი შეეხება მუხურას, თხილთაწყაროს, მუჯირეთსა და გოგნს. პრობლემის შესამცირებლად, 28 ტურბინიდან 14 პერიოდულად უნდა გაჩერდეს (წელიწადში ჯამურად არაუმეტეს 1 628 საათისა).
ზამთარში არსებობს ტურბინის ფრთებიდან ყინულის ფრაგმენტების 500 მეტრის რადიუსში გატყორცნის რეალური საფრთხე.
საპროექტო არეალი მიეკუთვნება III (რთულ) კატეგორიას და 8-ბალიან სეისმურ ზონას, რაც ეროზიული პროცესების მუდმივ მონიტორინგს მოითხოვს.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ შეფასება
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“ გოგნის ელექტროსადგურის პროექტს მკაცრად აკრიტიკებს. ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის ტყის ჩეხვა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას, ბერნის კონვენციას, ევროკავშირის სტრატეგიებსა და „მნიშვნელოვანი ზიანის არ მიყენების“ (DNSH) პრინციპს.
„განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყოველივე ეს საზოგადოებას წარედგინება, როგორც „მწვანე ენერგიის“ პროექტი. სახეზეა ე.წ. „მწვანე თვალთმაქცობის“ (Greenwashing) პრაქტიკა, რა დროსაც გარემოსათვის საზიანო საქმიანობა ინიღბება განახლებადი ენერგიის განვითარების ეგიდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მთავრობას და გარემოს დაცვის სმაინისტროს, დაუყოვნებლივ გადახედონ გადაწყვეტილებას, შეაჩერონ პროექტი და განიხილონ ალტერნატიული ადგილმდებარეობები. პარალელურად, მოწოდებით მიმართავენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსაც, არ დაუშვან პროექტის დაფინანსება, თანადაფინანსება, დაზღვევა, საგარანტიო მხარდაჭერა ან ნებისმიერი სახის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ვიდრე არ იქნება დადასტურებული, რომ ის სრულად შეესაბამება საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებს, ბიომრავალფეროვნების დაცვის პრინციპებს და არ გამოიწვევს შეუქცევად ზიანს უნიკალურ ეკოსისტემებზე.
„კლიმატის ცვლილების ფონზე განახლებადი ენერგიის განვითარება არ უნდა განხორციელდეს ბუნების განადგურების ფასად. კოლხური ტყეები წარმოადგენს საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ბუნებრივ მემკვიდრეობას. მათი დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, - აცხადებს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია.
არჩილ გაჩეჩილაძის სხვა ენერგოპროექტები რეგიონებში
„საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს ერთდროულად რამდენიმე მსხვილი ენერგოპროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი:
„რიონი ჰესი“ (ონის მუნიციპალიტეტი): პროექტი მდინარე რიონზე, სოფლების - გლოლასა და ჭიორას მიმდებარედ იგეგმება. მისი დადგმული სიმძლავრე 21.40 მგვტ-ს შეადგენს.
„საკაურა-2“: ბანკირის ინტერესები მდინარე საკაურაზეც ვრცელდება, სადაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, გოჩა ენუქიძის ჰესის პარალელურად, კიდევ ერთი სადგური უნდა აშენდეს. ამ პროექტის სიმძლავრე 20.68 მგვტ-ია და ის სამ სოფელს: ხიდეშლებს, საკაოსა და ლაგვანთას მოიცავს.
