„მეოთხე რესპუბლიკის“ დაბადება - სომხეთის მთავრობამ განვითარების 5-წლიანი გეგმა დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა 2026-2031 წლების სამთავრობო პროგრამა. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც განსახილველად ქვეყნის პარლამენტს გადაეცემა, სომხეთის ისტორიაში ახალი ეტაპის - „მეოთხე რესპუბლიკის“ დასაწყისს ეხება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სამთავრობო პროგრამა ფოკუსირებულია მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე, საგარეო პარტნიორობის დივერსიფიკაციაზე, რეგიონული კომუნიკაციების აღდგენასა და შიდა ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებზე.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი ხუთწლიანი გეგმა სრულად ეფუძნება „რეალური სომხეთის“ იდეოლოგიას, რომელმაც 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.

ფაშინიანის განმარტებით, 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდგომი წლები ძირითადად კრიზისების მართვას (COVID-19-ის პანდემია, ყარაბაღის ომი და მისი შედეგები) დაეთმო, რამაც შეზღუდა რეფორმების თავდაპირველი ტემპი. ამჟამინდელი მშვიდობიანი გარემო კი იძლევა შესაძლებლობას, ქვეყანა სრულად დაუბრუნდეს რევოლუციური დღის წესრიგის შეუსრულებელ ნაწილს, რადგან უკვე გააჩნია საჭირო ინსტიტუციური შესაძლებლობები.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთი შედის თავისი ისტორიის იმ ეტაპზე, რომელსაც მეოთხე რესპუბლიკას უწოდებს. „მესამე რესპუბლიკა დაარსდა კონფლიქტისა და დაპირისპირების ლოგიკაზე. მეოთხე რესპუბლიკა ყალიბდება, ჩამოყალიბდა მშვიდობის ლოგიკით და აქ საკითხი მხოლოდ კონფლიქტის ან მშვიდობის ლოგიკაში კი არ არის, არამედ სახელმწიფოს ფუნქციურ როლშიც - რისთვის არსებობს სახელმწიფო, რა პრაქტიკული მისია და ფუნქცია აქვს მას?“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულმა რთულმა გადაწყვეტილებებმა სომხეთი გამოიყვანა ე.წ. „არარსებობის მახიდან“, ხოლო მოსახლეობამ არჩევნების გზით ორჯერ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა ამ კურსის მიმართ.

სამთავრობო პროგრამის თანახმად, საერთაშორისო ასპარეზზე სომხეთი აგრძელებს „ბალანსირებულ და დამაბალანსებელ“ მიდგომას. უმთავრეს პრიორიტეტად რჩება აზერბაიჯანთან მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია, საზღვრების დელიმიტაციის პროცესის გაგრძელება და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სამოქალაქო კავშირების დამყარება. რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო გზების განბლოკვისთვის მთავარ პროექტებად დასახელებულია „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და პროექტი TRIPP („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“).

მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას. დაგეგმილია საქართველოთან თანამშრომლობის გაფართოება ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.

ახალი სამთავრობო გეგმა დიდ ყურადღებას უთმობს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობას. ევროკავშირთან მიმართებით მიზანია ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დასრულება და სექტორული კავშირების გაღრმავება.

რუსეთის ფედერაცია კვლავ რჩება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, თუმცა პროგრამა მოითხოვს მოსკოვთან ურთიერთობების ტრანსფორმაციასა და განვითარებას რეგიონში შექმნილი „ახალი პირობების“ გათვალისწინებით.

ახალ 5-წლიან პროგრამაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული პუნქტი ქვეყნის საეკლესიო ხელისუფლებასთან კონფრონტაციის ოფიციალურ სამთავრობო პოლიტიკად ქცევაა. ფაშინიანის მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმა ითვალისწინებს სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის თანამდებობიდან ჩამოშორებას (პენსიაზე გასვლას) და ახალი კათოლიკოსის არჩევის პროცესის დაწყებას.

მთავრობა ამ რადიკალურ ზომებს ქვეყნის „სულიერი უსაფრთხოების“ დაცვის აუცილებლობით ასაბუთებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მიმართულია „საგარეო ძალების მხრიდან სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ჰიბრიდული ომის პლატფორმად გამოყენების მცდელობების“ აღსაკვეთად. თუმცა თავად დოკუმენტში კათოლიკოსი სახელით პირდაპირ არ არის მოხსენიებული, ჩანაწერი მიემართება ეკლესიის „დე ფაქტო ხელმძღვანელს“. პროგრამის თანახმად, გარეგინ II-ის ჩამოშორების შემდეგ, დადგენილი საეკლესიო პროცედურების შესაბამისად, აირჩევა დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. ამასთანავე, სამთავრობო პროგრამა მოითხოვს ახალი საეკლესიო წესდების (ქარტიის) მიღებას, რომელმაც უნდა დაადგინოს მკაცრი წესები ფინანსურ გამჭვირვალობაზე, სამღვდელოების ქცევასა და საეკლესიო პრინციპების დაცვაზე. პროცესი კი ახალი კათოლიკოსის არჩევით უნდა დასრულდეს.

სომხეთის მთავრობის 5-წლიანი გეგმა ითვალისწინებს დემოკრატიული, ანტიკორუფციული და საჯარო მმართველობის რეფორმების ახალ ეტაპს, რომელთა ეფექტიანობაც პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებში სომხეთის პროგრესით შეფასდება.

„პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია ახალი ხარისხის სახელმწიფოს ჩამოყალიბება და სახელმწიფოს აღმავლობის უზრუნველყოფა. ამგვარად, სომხეთის რესპუბლიკა შედის თავისი ისტორიის იმ ეტაპზე, რომელსაც ჩვენ მეოთხე რესპუბლიკას ვუწოდებთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.