საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო (არქივი)

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ დისკრიმინაცია ჩაიდინეს. მოსარჩელე სიმართლის დასადგენად 10 წლის განმავლობაში დავობდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქმე ეხება 2016 წლის 15 ივნისს, ქარელის სოფელ რუისთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ეტლით მოსარგებლე მგზავრს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილიდან ეტლის გადმოტანისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება არ მისცეს, რის გამოც იგი იძულებული გახდა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მანქანაშივე დაეკმაყოფილებინა.

შშმ პირი სამ მეგობართან ერთად თბილისიდან მიემგზავრებოდა მეგობრის ავტომანქანით. მანქანის გაუმართაობის გამო მათ გაჩერება მოუწიათ, რა დროსაც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა. შშმ პირის მეგობრებსა და პოლიციელებს შორის კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვა.

ინციდენტის საწყის ეტაპზე მოსარჩელე ავტომანქანაში იმყოფებოდა. გარკვეული დროის შემდეგ მან თანმხლებ პირებს სთხოვა საბარგულიდან ეტლის გადმოტანა, რადგან მანქანაში ხანგრძლივი დაყოვნების გამო საპირფარეშო ესაჭიროებოდა. მეგობარმა ეტლის გადმოტანა სცადა, თუმცა პოლიციელებმა, მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირის მდგომარეობის შესახებ იცოდნენ, მას ეტლის ამოღებაში ფიზიკურად შეუშალეს ხელი.

საქმის მასალების მიხედვით, შარდის შეკავების გამო მოსარჩელეს ძლიერი სპაზმი დაეწყო. აუტანელი ფიზიკური ტკივილების ფონზე, იგი იძულებული გახდა, ფიზიოლოგიური მოთხოვნა მანქანაშივე, ჩაცმულ მდგომარეობაში დაეკმაყოფილებინა. მთლიანობაში, მოსარჩელეს დაახლოებით 3 საათის განმავლობაში არ მიეცა ეტლით სარგებლობის შესაძლებლობა და მთელი ეს პერიოდი საკუთარ შარდში ჯდომა მოუწია.

ინციდენტის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შშმ პირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დარეკა. ადგილზე მალევე გამოცხადდნენ ინსპექციის თანამშრომლები, რომლებმაც საპატრულო პოლიციასთან საუბრის შემდეგ, მას ეტლით სარგებლობა შესთავაზეს. ამ დროისთვის მოსარჩელეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილება უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა და ეტლში გადაჯდომაზე უარი თქვა, ვინაიდან სველ მდგომარეობაში მანქანიდან გადასვლა ეუხერხულებოდა.

ავტომანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს. მოსარჩელემ ეტლში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც მეგობარმა გორის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსაცვლელი ტანსაცმელი და პირსახოცი ჩაუტანა. მის მოსვლამდე კი შშმ პირი სველი ტანსაცმლით ქუჩაში იცდიდა.

როგორც ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, მგზავრები პოლიციელებს სთხოვდნენ: „კაცს მოფსმა უნდა“, თუმცა პოლიცია მანქანიდან ეტლის ამოღების უფლებას არ აძლევდა. ერთ-ერთი მგზავრის მცდელობაზე, ეტლი გადმოეღო, სამართალდამცავები ყვირილით გამოეხმაურნენ და შელაპარაკება მოხდა.

საპატრულო პოლიციის ინსპექტორის ჩვენებით, ავტომობილი გზაზე იდგა, სადაც დიდი ნაკადი მოძრაობდა და ეტლში ჩაჯდომის შემთხვევაში, შშმ პირი შესაძლოა ტრაილერს წინ გადადგომოდა.

პირველმა ინსტანციამ (თბილისის საქალაქო სასამართლომ) მიიჩნია, რომ პოლიციის ქმედებები დისკრიმინაციული არ იყო და მიზნად უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავდა, ხოლო პროცედურის გაჭიანურება მძღოლისა და მგზავრების წინააღმდეგობის ბრალი იყო. შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მოსარჩელე შშმ პირი იმყოფება საზღვარგარეთ და ცდილობს საპატრულო პოლიცია დაადანაშაულოს დისკრიმინაციულ მოპყრობაში, რათა იქ მოიპოვოს კანონიერი ცხოვრების უფლება.

საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ ცნობა, რომლითაც დადგინდა, რომ მანქანაში რამდენიმესაათიანი იძულებითი ჯდომის შედეგად შშმ პირს ტროფიული წყლული ხელახლა გაეხსნა. სპეციფიკური და მისთვის საჭირო განსხვავებული მოპოვების ვერუზრუნველყოფის გამო, მას საპირფარეშოთი სარგებლობა შეეზღუდა, რამაც მას ძლიერი ფსიქოლოგიური და სულიერი ტკივილი მიაყენა. საქმეში ასევე იდო სახალხო დამცველის რეკომენდაცია, სადაც აღნიშნულია, რომ შშმ პირი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას დაექვემდებარა.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და მიიჩნია, რომ სახეზე იყო შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი.

უზენაესმა სასამართლომ 2026 წლის 18 მარტის განჩინებით შსს-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ დაადასტურა, რომ პოლიციელებმა ზუსტად იცოდნენ შშმ პირის საჭიროების შესახებ, თუმცა სხვა მგზავრებისგან განსხვავებით, მიზანმიმართულად არ აძლევდნენ მანქანის დატოვებისა და ეტლით სარგებლობის საშუალებას.

საბოლოო გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

„საქართველოს ამბები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ცდილობს იმის გარკვევას, ისევ მუშაობენ თუ არა საპატრულო პოლიციაში ის პატრულ-ინსპექტორები, რომელთა მხრიდანაც შშმ პირის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი უზენაესი სასამართლოს საბოლოო განჩინებით დადგინდა. სამინისტროდან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.