მოსკოვი თბილისისგან „რუსოფობიის“ აღკვეთას და „ახალი გეოპოლიტიკური რეალობის“ აღიარებას ითხოვს

მოსკოვი საქართველოსგან „ანტირუსული გამოვლინებების“ გამოძიებას, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ახალი „გეოპოლიტიკური რეალობის“ აღიარებას ითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისს, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან „ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ ხელშეკრულებები გააფორმოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ანტირუსულ განწყობებს ხელი შეუშალოს სავაჭრო და ტურისტულ კავშირებს, ზახაროვამ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე „კულტურულ და სულიერ“ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი ხალხები იცავენ ერთსა და იმავე ღირებულებებს, დგანან ერთიან სულიერ საძირკველზე, რომელიც არ ექვემდებარება დროის გავლენას და, მათ შორის, გარედან მომდინარე აგრესიულ თავდასხმებს“, - განაცხადა მან.

ზახაროვას შეფასებით, წარსული პოლიტიკური უთანხმოებები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკით იყო პროვოცირებული, თუმცა რუსეთი მაინც ცდილობს, ხელი შეუწყოს ორმხრივი თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული კონტაქტების გაფართოებას.

ზახაროვას თქმით, ბოლო წლებში სატრანსპორტო მიმოსვლისა და ტურიზმის განვითარებისთვის ბევრი რამ გაკეთდა. ამის წინაპირობად მან 2023-2024 წლების გადაწყვეტილებები დაასახელა, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ.

„რუსეთიდან ტურისტული ნაკადი 1.5-ჯერ გაიზარდა და 1.6 მილიონ ადამიანს მიაღწია. დღეს რესპუბლიკაში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა“, - აღნიშნა მან.

თუმცა, ზახაროვას თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით სერიოზული ინციდენტებიც დაფიქსირდა, რასაც თბილისის მხრიდან შესაბამისი რეაგირება ესაჭიროება.

„გამოვდივართ იქიდან, რომ თბილისი მიიღებს ამომწურავ ზომებს რუსოფობიის დაუშვებლობისთვის და სრულად უზრუნველყოფს საქართველოში ჩასული ყველა რუსის უსაფრთხოებას. ანტირუსული გამოვლინებები გულდასმით უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ“, - განაცხადა ზახაროვამ.

ბრიფინგზე მარია ზახაროვამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც უპასუხა. პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში „რუსებმა“ ბიძინა ივანიშვილს გადასცეს ორი ხელშეკრულების პროექტი - „ერთი ეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მესამე მხარესთან არგარიგებას ერთმანეთის წინააღმდეგ (მესამე ძალაში დასავლეთი იგულისხმება) და ასევე 2 ცალ-ცალკე ხელშეკრულება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის „მთავრობებთან“ მათი სუბიექტურობის აღიარებით და თავდაუსხმელობის გარანტიით“.

ზახაროვამ სააკაშვილის ეს განცხადება „პოლიტიკურ სიგიჟედ“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტს რუსულ-ქართული ურთიერთობების ფორმირებასთან შეხება არ აქვს. მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა სააკაშვილის „ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია“.

„დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ღია ვართ ასეთი შესაძლებლობისთვის, თუმცა დღეისათვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, - განაცხადა მან.

იქვე მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს „დღეს რუსეთთან თანამშრომლობას საქართველოსთვის ხელშესახები სარგებელი მოაქვს და უზრუნველყოფს რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების რეკორდულ ტემპებს“.

ბრიფინგის დასასრულს ზახაროვამ კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისს, ხელი მოაწეროს „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებებს“.

„ველოდებით, რომ ქართული მხარე აღიარებს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებს ამიერკავკასიაში და უახლოეს მომავალში შეუდგება პრაქტიკულ მუშაობას აღნიშნული დოკუმენტების შესამუშავებლად. ასეთი იურიდიული ვალდებულებები გახდება საიმედო გარანტია 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორების წინააღმდეგ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.