აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის აკრძალვა გააუქმა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლითაც იანვარში საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემა აიკრძალა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოსამართლე ჯენეტ ვარგასმა მიიჩნია, რომ პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა იანვარში გამოაცხადა, იყო „აშკარად უკანონო“ და ეწინააღმდეგებოდა ფედერალურ საიმიგრაციო კანონმდებლობას.

„პოლიტიკა, რომელიც აპლიკანტის ეროვნებაზე დაყრდნობით კატეგორიულად კრძალავს იმიგრანტთა ვიზების გაცემას, წარმოადგენს ამ საკანონმდებლო სქემის პირდაპირ უარყოფას“, - წერს მოსამართლე.

შეზღუდვა, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 21 იანვრიდან შევიდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების“ მაღალ რისკს უკავშირდებოდა. უწყების მტკიცებით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის.

შეზღუდვა შეეხო როგორც საქართველოს, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს. მოსამართლე ვარგასის გადაწყვეტილება აუქმებს ყველა იმ ვიზაზე უარს, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკას ეფუძნებოდა.

ტრამპის ადმინისტრაციას აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო ინსტანციაში შეუძლია.

საიმიგრაციო ვიზა განკუთვნილია მათთვის, ვისაც შეერთებულ შტატებში მუდმივად ცხოვრება და მუშაობა სურს. ასეთი ვიზის მიღების ძირითადი გზებია: ოჯახის წევრებთან გაერთიანება, ქორწინება, შვილად აყვანა ან „მწვანე ბარათის“ (Green Card) გათამაშებაში გამარჯვება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.