მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მესამე წერილს ავრცელებს, სადაც მამის დაკავების შესახებ მუქარაზე საუბრობს. ყოფილი პრემიერი ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს და აცხადებს, რომ ტყუილად ცდილობენ მისი სახით ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატის გამოყვანას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ წერილი, რომლითაც მისგან კორუფციული ბრალის აღიარებას და პოლიტიკიდან სამუდამოდ ჩამოშორებას ითხოვენ, მამუკა მდინარაძემ ახლო მეგობრის ხელით გადასცა მის ოჯახს. ყოფილი პრემიერი მიუთითებს, რომ ამ პროცესს თან ახლდა ამორალური ზეწოლა და მეორედ მინიშნება მისი 75 წლის მამის დაჭერაზე, რამაც, მისი თქმით, სხვა გზა არ დაუტოვა.

უკვე რვა თვეა მდუმარედ ვზივარ ციხეში. არავის ჩემი ერთი სიტყვა არ სმენია საჯაროდ. არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი... ახლა მივმართავ ხელისუფლებას: თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს... მთელი ეს საშინელი ტკივილი და ტრაგედია, ყველაფერი მოთმინებით და მდუმარებით, ჩემს გულში დავიტიე, ბიძინა ივანიშვილთან ჩემი ოცწლიანი ურთიერთობის გამო, ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით... აგრეთვე ჩემი პოლიტიკური ოჯახის, გუნდისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო, უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და საკუთარი ფეხით წავედი თქვენს მიერ მოწყობილ დაუნდობელ სამსხვერპლოზე. შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის.

ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა - უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით.

თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ” და სხვა გზა არ დამიტოვეთ... მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ“, - წერს ღარიბაშვილი.

ბოლო 4 დღეში ეს ირაკლი ღარიბაშვილის მესამე წერილია. პირველი განცხადება მან 17 აგვისტოს გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს და კორუფციული საქმის ახალი ეპიზოდის აღიარებას სთავაზობდნენ, ხოლო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს და ხელისუფლებას დააკისრა. 18 აგვისტოს გავრცელებულ მეორე წერილში მან დააზუსტა, რომ ახალი საქმის აღიარებაზე მოთხოვნის წერილი მას მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა და შარშან დაწყებული ანტიკორუფციული კამპანიის მთავარი მიზანი მისი პოლიტიკური განადგურება იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ბრალდებით. 2026 წლის 12 იანვარს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია აღიარა, რის შემდეგაც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა შეეფარდა. ოფიციალური ვერსიით, თანამდებობაზე ყოფნისას იგი ფარულად ეწეოდა ბიზნესს და შემოსავლებს მალავდა, ხოლო ჩხრეკისას ამოღებული 6.5 მილიონი აშშ დოლარი სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.