გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე სრულად აღიარა დანაშაული, გამოძიებასთან ითანამშრომლა და ზიანი აანაზღაურა, რის საფუძველზეც საპროცსო შეთანხმება გაუფორმდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბაჩიაშვილს მარავალწლიანი სასჯელი, პროკურატურის თანახმად, პირობითი მსჯავრით შეეცვალა და ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მას სხვისი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებოდა. განაჩენის გამოცხადებამდე, ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა, თუმცა, დაახლოებით ორ თვეში ის დააკავეს - როგორც თავად აცხადებდა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, 26 მაისს „ანონიმური შეტყობინებით“ გაიგეს, რომ ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“, რის შემდეგაც დააკავეს.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 2023 წლის ივლისში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

საქმის მასალების მიხედვით, 2015 წელს ივანიშვილმა ბაჩიაშვილის კომპანიაში ბიტკოინის მაინინგში 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. პროკურატურის მტკიცებით, შემდეგი ორი წლის განმავლობაში ბაჩიაშვილმა გამომუშავებული კრიპტოვალუტიდან ივანიშვილის კუთვნილი 8 253.13 ბიტკოინი - რომლის ღირებულება მაშინ 39 215 820 აშშ დოლარი იყო - მიითვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაც მოახდინა. გიორგი ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ 5 მილიონი დოლარი ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ მიერ მის კომპანიაზე სესხის სახით გაიცა და ის არ წარმოადგენდა ივანიშვილის ინვესტიციას ბიტკოინებში.

ბაჩიაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. გარდა ამისა, ბრალი წარდგენილი ჰქონდა „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, სადაც „დაზარალებული“ ისევ ბიძინა ივანიშვილი იყო.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, როგორც გიორგი ბაჩიაშვილი ამბობდა, საკანში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, თავდასხმამდე სამი დღით ადრე გლდანის ციხის იმდროინდელმა უფროსმა, დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია“, ივანიშვილისთვის „საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები“ გაეხსნა. დავით გოგობერიშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ქემოკლიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. რამდენიმე თვეში ციხის ყოფილმა უფროსმა სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა, ქემოკლიძე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ის ვერსიით, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემა „ინსცენირებული“ და გიორგი ქემოკლიძესთან წინასწარ შეთანხმებული იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.