„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც „ბიტკოინების საქმეზეა“ მსჯავრდებული, სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, როგორ გაიტაცეს უცხოეთიდან, რომ საქართველოში დაებრუნებინათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი გუბერნატორები დანიშნა
„არანაირად არ ვარ დამნაშავე არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიკაცია. დღეს ვარ ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი. დღეს ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.
შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან. თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის წევრებთან შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე.
შემდგომ პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში.
საქართველოს ისტორიას ბევრი საქმე ახსოვს გართულებებით, მაგრამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, ნამდვილად აჯობა საკუთარ თავს.
მე წარმოდგენა არ მაქვს იმ სახელმწიფოს რა უთხრეს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედება ჩემს წინააღმდეგ. თუმცა დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა გზა ჩემი ექსტრადირებისთვის იმიტომ, რომ ინტერპოლის ძებნა ჩემზე შეჩერებული იყო, ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა, დაედგინა, რომ ჩემი სისხლისსამართლებრივი დევნა არის პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში. ამით დაარღვიეს არამარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ, საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა და იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი”, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე, რომელიც „მტკვარი ჰესის“ საქმეზე გაიმართა. ბაჩიაშვილი ამ საქმეში ბრალდებულია.
ბაჩიაშვილის თქმით, ის მზადაა, გატაცებასთან დაკავშირებით გამოძიებას ყველა დეტალი შეატყობინოს.
„მე ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს მთელი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს. ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან. თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება, დამიჯერეთ!“, - თქვა ბაჩიაშვილმა.
საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, რაზეც ბაჩიაშვილმა ისაუბრა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს.
27 მაისს, სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი. სუს-ის მტკიცებით, ბაჩიაშვილის გადაადგილების შესახებ მათთვის ანონიმური შეტყობინებით გახდა ცნობილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩიაშვილი, შესაძლოა, საქართველოს მთავრობისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თანამშრომლობის ფარგლებში დააკავეს. შეთანხმების მიხედვით, საქართველო, ბაჩიაშვილის დაკავების სანაცვლოდ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ხელმძღვანელის არჩევნებიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას მოხსნიდა და მხარს საამიროების კანდიდატს დაუჭერდა. ამის შესახებ წერდა უცხოური გამოცემა The Diplomat-იც.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატურიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის მოხსნა გიორგი ბაჩიაშვილზე არ გაუცვლიათ.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 4 მარტს, ფარულად დატოვა. შსს-ს გამოძიების თანახმად, ბაჩიაშვილი სომხეთში ავტომობილში მოწყობილი სამალავით გადავიდა, იქიდან კი რუსული პასპორტით კატარში გაფრინდა.
10 მარტს მას „ბიტკოინების საქმეზე“ 11 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
