ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში უარყოფენ პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 6 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
ტელეკომპანია „იმედის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ინფორმაციით, „გახარია საქართველოსთვის“ რვა წევრმა, რომლებიც მანდატშეწყვეტილი დეპუტატების ადგილმონაცვლეები არიან, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართეს წერილით, რომელიც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტას ეხება.
„პირველი არხის“ თანახმად, „არსებული ინფორმაციით“, პაპუაშვილს „პარლამენტში შესვლის მიზნით“ მიმართეს თამარ ხვედელიანმა, ვიკა ფილფანმა, გიგა ფარულავამ, გიორგი შარაშიძემ, მალხაზ თორიამ, გელა აბულაძემ, სალომე კობალაძემ და სოფიო ხორგუანმა.
„ჩვენს კომიტეტს დაეწერა განცხადებები ამ პირთა მხრიდან, ვინც შესაბამისობის კრიტერიუმის დაცვას ახდენენ. ანუ, იმ თანამდებობებზე ამბობენ უარს, რომლებიც შეუთავსებელია პარლამენტის წევრობასთან და ასე შემდეგ. მათი მხრიდან მიმდინარეობს დოკუმენტალური მომზადების პროცესი, რათა შემობრძანდნენ პარლამენტში. გახარიამაც შეცდომად აღიარა ის ყველაფერი, რაც მათ ჩაიდინეს. ეს არის აგენტურული ოპოზიციის ხვედრი, საკუთარი გადაწყვეტილებებით არ მოქმედებენ, დავალებებს ასრულებენ და ისეთი შეცდომები მოსდით, როგორიც პარლამენტში არშემოსვლა იყო“, – ციტირებს „პირველი არხი“ დავით მათიკაშვილს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს.
თამარ ახვლედიანის თქმით, „გახარია - საქართველოსთვის“ პოზიცია უცვლელია, პაპუაშვილისთვის მიმართვა კი „ჩვეულებრივი პროცედურული საკითხია“, რომელიც პარტიამ „ძალიან ბევრჯერ გაიარა“, მათ შორის, სიის პირველი თორმეტეულის შემთხვევაში.
„ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში. ეს არის ჩვენი კომენტარი იმაზე, რასთან დაკავშირებითაც გრძელდება ისტერია, ტყუილების ტირაჟირება“, – აღნიშნა ხვედელიანმა.
„იმედის“ მიერ გასვრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ვიკა ფილფანიც, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. კონსტიტუციის მიხედვით, „პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში“.
„მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ამდენჯერ გავიარეთ, პოზიცია არ შეცვლილა! ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ. ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! TV Imedi ცემა-ტყეპას ტყუილი ნიუსებით ვერ გადაფარავ“, – წერს ვიკა ფილფანი Facebook-ზე.
2 სექტემბერს, „ქარული ოცნების“ პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიის 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. მანამდე, საგაზაფხულო სესიის ყველა სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, სიის პირველ თორმეტეულს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.
გიორგი გახარამ თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დეპუტატის მანდატებზე უარის თქმა შეცდომად მიაჩნია. მისივე განცხადებით, შევა თუ არა 12 ადგილმონაცვლე დეპუტატი პარლამენტში, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაირკვევა.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გიორგი გახარიას პარტიას, სხვა ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებებისგან განსხვავებით, საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავს, თუმცა არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადა.
