„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა საგაზაფხულო სესიის 26-ვე სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, რაც, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებული შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად, ბარიერგადალახულ პარტიათა შორის იყო პარტია „საქართველოსთვის“, რომელსაც პარლამენტში 12 მანდატით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ, მათ არ ისარგებლეს ამ მანდატებით და საგაზაფხულო სესიის 26-ვე სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
უფლებამოსილება შეუწყდათ გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილსა და ზვიად ძიძიგურს. ამასთან, „არასაპატიო მიზეზით“ სხდომებზე გამოუცხადებლობის გამო, პარტია მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს.
გიორგი გახარია ერთპარტიული პარლამენტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა:
„დღეს, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ერთპარტიულმა რეჟიმმა, ერთხმად მისცა ხმა „საქართველოსთვის“ პარტიის 12-ვე მანდატის გაუქმებას. პოლიტიკური ბოიკოტი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც ჩვენ პასუხისმგებლობით გამოვიყენეთ 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უარი ვთქვით დაკავებულ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, თუმცა ხალხის მანდატზე უარს არ ვამბობდით, ჩვენი მანდატების გაუქმება არასდროს ყოფილა პროცედურული საკითხი; ეს იყო გზის გაწმენდა პოლიტიკურად მოტივირებული დევნისთვის, იმუნიტეტის მოხსნა შეთითხნილი ბრალდებების წინ და მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრა მუნიციპალურ არჩევნებამდე. ეს უკვე გვინახავს, კრემლის სცენარიდან ამოხეული ფურცელი: მოხსნა იმუნიტეტი, შეთხზა სისხლის სამართლის ბრალდებები და გაანადგურა პოლიტიკური ალტერნატივები“.
გიორგი გახარიას პარტიას, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტი სიის მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავს.
თებერვალში პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება სამი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების 49 წევრს შეუწყდა.
