პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დეპუტატის მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 5 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 6 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
დღეს, 1-ელ სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიით გასული და მოგვიანებით მანდატშეწყვეტილი 12 წევრის ადგილმონაცვლე დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
ტელეკომპანია „პირველის“ შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სიის მომდევნო 12 წევრი პარლამენტში შესვლას, გახარიამ განაცხადა, რომ პარტიის „პოლიტიკურ ბოიკოტში არაფერი არ შეცვლილა“, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, „ამის დრო არ არის“.
„გადაწყვეტილება, თუ რაიმე შეიცვალა პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით, ამ 12 მანდატთან დაკავშირებით, ამაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო, დიდი ალბათობით, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. რა თქმა უნდა, მე არაფერს გამოვრიცხავ.
ამასთან, ერთად, ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს პირდაპირ იქნება დაკავშირბული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც იქნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ“, - თქვა გახარიამ, რომელიც თითქმის სამი თვეა ევროპაში იმყოფება.
მისივე თქმით, არ მიიჩნევს, რომ ბოიკოტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარეობს.
„საერთოდ, ბოიკოტში შეიძლება იყოს მოსახლეობა. პარტიის ბოიკოტს ძალიან დიდი ძალა არ აქვს, თუ მისი მხარდამჭერებიც ბოიკოტის მომხრეები არ არიან.
მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს გავახსენო - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც შედეგები გამოქვეყნდა, საერთოდ არანაირი საპროტესტო მუხტი ქვეყანაში, დიდი და ძლიერი, არ ყოფილა.
მერწმუნეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის პარლამენტში გიორგი გახარია იქნება, თუ პეტრე და ივანზე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მოქალაქეებისთვის მნიშვნელობა არ აქვს და გამოჩნდა ეს. მას შემდეგ, როდესაც ხელისუფლება გამოვიდა და ევროპული გაწევრიანების პროცესი გააჩერა და შემდეგ საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებზე იძალადა, სცემა და შემდეგ მიიღო რამდენიმე კანონი, რამაც ფაქტობრივად, გზა დაუკეტა...
ამიტომ გეუბნებით, რომ ბოიკოტი ჩემთვის საერთოდ არ არის დაკავშირებული საპარლამენტო შედეგებთან. უფრო მეტსაც გეტყვით - ევროპული მთავრობების და ხელისუფლებების დღევანდელი ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის შეზღუდვა საერთოდ არ არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან. დაკავშირებული არის სწორედ იმასთან, რაც ჩაიდინეს არჩევნების შემდეგ.
დღეს, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა. ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი. შევძლებთ ამის გამოყენებას, თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ იქნება დაკავშირებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახარიას პარტიას, სხვა ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებებისგან განსხვავებით, საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავს, თუმცა, ისიც არალეგიტიმურად აცხადებდა არჩევნების შედეგებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობდა.
