ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომლითაც რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლად სცნო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედრო ტყვეების, მათ შორის ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის წამებასა და მკვლელობაში. ეს გადაწყვეტილება სამართლებრივი პრეცედენტია, რადგან სასამართლომ რუსეთის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა პირდაპირ დაადგინა საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
სასამართლომ ცალკე გაუსვა ხაზი ჩადენილი ქმედებების განსაკუთრებულ სიმძიმეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსხვერპლები იყვნენ სამხედრო ტყვეები, რომლებსაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით სპეციალური დაცული სტატუსი აქვთ.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედროების ნაწილი მოწინააღმდეგის ტყვეობაში აღმოჩნდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონის უფროსი სერჟანტის, 23 წლის გიორგი ანწუხელიძის კვალი 9 აგვისტოს დაიკარგა. 2009 წელს ინტერნეტით გავრცელდა შემზარავი ვიდეოკადრები, სადაც ასახული იყო ცხინვალში, სკოლის ტერიტორიაზე, რუსი და ოსი სამხედროების მიერ ანწუხელიძის სასტიკი წამება. ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა, წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება. სამი თვის განმავლობაში გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. 2008 წლის ნოემბერში გადმოსვენებული ცხედრების დნმ-ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ნაწამები და მოკლული ჯარისკაცი სწორედ ანწუხელიძე იყო. მსგავსი ბედი ეწიათ 20 წლის კახაბერ ხუბულურსა და 25 წლის უშანგი სოფრომაძეს, რომლებიც ასევე წამებით მოკლეს.
სხვა ქართველი ტყვეები, მათ შორის დავით მალაჩინი, ზაზა კავთიაშვილი, იმედა კუთაშვილი, მალხაზ მელაძე და კახაბერ ზირაქაშვილი, 8-დან 19 აგვისტომდე ცხინვალში ჰყავდათ დაკავებული და სასტიკად აწამებდნენ, თუმცა ისინი ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლდნენ.
სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა:
- სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი): დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობასა და ამ ფაქტებზე არაეფექტიან გამოძიებაში.
- წამების აკრძალვა (მე-3 მუხლი): სასამართლომ დაადასტურა რვა ქართველი სამხედროს წამება და რუსეთის პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებზე. მათ შორის არიან: გიორგი ანწუხელიძე, კახაბერ ხუბულური, უშანგი სოფრომაძე, დავით მალაჩინი, ზაზა კავთიაშვილი, იმედა კუთაშვილი, მალხაზ მელაძე და კახაბერ ზირაქაშვილი.
სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ტყვეების წამება არ იყო შემთხვევითი ინციდენტი, არამედ წარმოადგენდა მიზანმიმართულ ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ტყვეობაში მყოფი პირების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ტყვეები „სამხრეთ ოსეთის“ ძალების მიერ იყვნენ დაკავებულნი, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ამ ტერიტორიაზე ახორციელებდა „ეფექტიან კონტროლს“.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ომამდე განხორციელებულ ე.წ. „პასპორტიზაციაზე“, „მცოცავ ანექსიასა“ და მარიონეტული რეჟიმის სრულ კონტროლზე, რაც რუსეთს ავტომატურად აკისრებს პასუხისმგებლობას ჩადენილ სისასტიკეზე.
სასამართლომ რუსეთს დააკისრა ჯამურად 395 000 ევროს გადახდა: 65 000 ევრო - ანწუხელიძის, სოფრომაძისა და ხუბულურის ოჯახებს (თითოეულს). 40 000 ევრო - თითოეულ გადარჩენილ ტყვეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), რომელიც 18 წელია იცავს დაზარალებულთა ინტერესებს, უკვე მიმართა სტრასბურგის სასამართლოს კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის მოთხოვნით. მიზანია, რუსეთის საზღვარგარეთ არსებული გაყინული აქტივების გამოყენებით უზრუნველყოფილ იქნას დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა.
„ეს არის ისტორიული და ემოციური დღე საქართველოსთვის. საერთაშორისო დონეზე საბოლოოდ დამტკიცდა ის სიმართლე, რომელიც აქამდეც ცნობილი იყო. გადაწყვეტილება უნიკალურია, რადგან სასამართლომ ომის აქტიურ ფაზაში რუსეთის იურისდიქცია აღიარა,“ - განაცხადა საიას თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა.
მიუხედავად იმისა, რომ კრემლი 2022 წლიდან ბოიკოტს უცხადებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რუსეთს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, კვლავ ეკისრება მანამდე დაწყებულ საქმეებზე ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
