არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ მილიონ-ნახევარზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
„რატომ არაოფიციალური - მოგეხსენებათ, რომ მათი დიდი უმრავლესობა ადგილსამყოფელ ქვეყნებში იმყოფება ლეგალური სტატუსის გარეშე. მიუხედავად ჩვენი მხრიდან არაერთი მცდელობისა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე მოხდეს მათი დადგომა მაქსიმალურად, ციფრი მაინც აცდენილია რეალობას და ჩვენი თანამემამულეების მხოლოდ გარკვეული ნაწილია აღრიცხული ზუსტად ქვეყნებისა და მისამართების მიხედვით“, - განაცხადა კონსტანტინიდიმ „ქართული ოცნების“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
ყველაზე მეტი, 500 000-დან 700 000-მდე ქართველი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, სადაც დაახლოებით 200 000 თანამემამულე იმყოფება, ხოლო მესამე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნა, სულ ცოტა ხნის წინ აშშ ხუთეულშიც არ იყო, დღეს კი იქ საქართველოს 120 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს.
კონსტანტინიდის თქმით, დანარჩენი ქვეყნებში თანამემამულეთა რაოდენობა მკვეთრად არ შეცვლილა და ასეთია:
- იტალია – 50 000
- გერმანია – 50 000
- თურქეთი – 45 000 (ისტორიული დიასპორა 1.5 მილიონამდე)
- საფრანგეთი – 35 000
- ესპანეთი – 25 000
- ბელგია – 20 000
- ისრეალი – 20 000
- დიდი ბრიტანეთი – 10 000
„პრაქტიკულადდიასპორის რამდენიმე ტალღაზე გვაქვს საუბარი. 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, ვინც დღემდე წავიდა საზღვარგარეთ, ის ციფრები გვაქვს მოტანილი“, – განმარტა კონსტანტინიდიმ.
როგორც მან განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტში სპეციალური „დანაყოფია“ შექმნილი, რომელიც სოციალურ ქსელებში „პრაქტიკულად უწყვეტად ადევნებს თვალს“ დიასპორის განწყობებს.
„შემიძლია პრაქტიკული მაგალითი მოგიყვანით, რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ქვეყანაში ძალიან აქტიური პროცესებია ხოლმე, ზოგჯერ საკმაოდ რთულ პროცესებთან გვაქვს საქმე, რაც აისახება დიასპორაშიც. სამწუხაროდ, ხშირია მცდელობა გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან, რომ გარკვეული აჟიტირება და ანგაჟირება მოახდინონ ქვეყნის გარეთაც. ამას პირობითად დაძაბულობის გადაღვრას დავარქმევდი. რა თქმა უნდა, ამ ჯგუფებს ვადევნებთ თვალს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მონიტორინგი, როდესაც არის ხოლმე მაღალი თანამდებობის პირების, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, პარლამენტარების ვიზიტები ქვეყნებში, იმიტომ, რომ წინასწარ იქ გარკვეული აქტივობები შეინიშნება ხოლმე და ამაზე სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული პრევენცია ყოველთვის საჭიროა“, – თქვა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.
მისივე ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 38 ქვეყანაში, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირებს ქართული დიასპორული გაერთიანებები, რომელთა საქმიანობა ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მათ შორისაა 115 ქართული საკვირაო სკოლა და ქართული ენის შემსწავლელი კურსი, ქართული ცეკვისა და სიმღერის 117 ანსამბლი/ცეკვის შემსწავლელი წრე. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში დაფუძნდა 7 ეპარქია, რომელთა შემადგენლობაში შედის 94 სამრევლო.
