ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიცირების საქმეზე დაკავებულები გირაოთი გათავისუფლდნენ

ყოფილი მოკრივე, პრორუსი ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და ცნობილი ბრენდების ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიცირების საქმეზე დაკავებული კიდევ ხუთი პირი, სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, გირაოთი გათავისუფლდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, გიორგი კანდელაკს პატიმრობა 200 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეიცვალა.

„დაცვის მხარემ წარადგინა შუამდგომლობა უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. დასაბუთების სამართლებრივი საფუძველი გახდა ის, რომ დაცვის მხარემ უდაოდ გახადა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის შემთხევვაში, მათი გამოკვლევა აღარ მოხდება. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ სასამართლოს მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება. დღეს გიორგი კანდელაკთან და სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში პატიმრობა შეცვლილი იქნა გირაოთი“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ დაადასტურა, რომ ყველა ბრალდებულმა გამოძიებასთან „სრულად“ ითანამშრომლა, რაც გირაოს გამოყენების საფუძველი გახდა.

გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, გიორგი ბიბილაშვილი, თენგიზ გულორდავა, გრიგოლ ქავთარაძე, ალექსანდრე კურტანიძე და ქართლოს ჯავახაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 17 სექტემბერს დააკავა.

საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ გორში, სპეციალურ მოწყობილ ფართში სხვადასხვა უცხოური ბრენდის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 75 000-ზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატებოდა.

ამოღებულ სასმელებს შორის იყო კუსტარულად დამზადებული და რეალიზაციისთვის გამზადებული არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).

პროკურატურამ 7-ვე დაკავებულს ბრალი ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვისთვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოებისთვის წარუდგინა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

ჯგუფის წევრების განზრახვა მოიცავდა აქციზურ მარკას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების ალკოჰოლური სასმელების დამზადება-შენახვასა და მისი შემდგომი რეალიზაციით მატერიალური სარგებლის მიღებას.

ბრალდებულებს ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს“, – აცხადებდა პროკურატურა.

2 ნოემბერს, ერთ-ერთ ბრალდებული, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ გორის საკრებულოს წევრი იყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. გოგიჩაიშვილი დაახლოებით ერთ თვეში გარდაიცვალა.

ამავე საქმეზე ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვლადიმერ ხუნდაძეს. პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის კურსელი და მეჯვარეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.