კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ალექსანდრე ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 4 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
ელისაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, დაცვის მხარე კი მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
„მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაში არის და რომლის განმახორციელებს სტრუქტურა ხართ თქვენ.
ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა იმ მანდატურებიდან არავინ ცოცხალი იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს.
უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება, მივედი დილაუთენია ხუთ საათზე, დიდი გზა გავიარე. ჩემს ოჯახს ვუთხარი რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მიყვარს თევზაობა, მოვიკიდე ჩანთა და გეგმა მქონდა.
ვეღარ ვიტევდი უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით... შემოლაწუნება მინდოდა, რომ ამ ქვეყანაში დავრჩით კაცები, რომ არ ვეგუებით უსამართლობას და არც შევეგუებით“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ალექსანდრე ელისაშვილმა.
ის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
„ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. არასდროს შემიღწევია არავის შენობაში, ერთი საათი ვამტვრევდი შუშებს, დავიტანჯე, ერთი საათი დავაკვდი, ოპერატიულად რომ მემოქმედა, აუცილებლად მივაღწევდი მიზანს.
ღობესთან ვიჯექი მიყუდებული, მშენებლობის ღობიდან გადავძვერი, ვფიქრობდი გადავიდე, არ გადავიდე-მეთქი, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორ უნდა შემეშინდეს-მეთქი. შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, არ შევეგუები არასდროს, რაც ხდება.
ტანსაცმლის შიგნით მქონდა დაუტენავი იარაღი, ვინმეზე თავდასხმა რომ მდომებოდა, ცოცხალი არავინ დარჩებოდა. მანდატურის მოგერიება მინდოდა, იარაღი იმ ჯაჯგურში ამომივარდა. ჩემებს მინდა ბოდიში ვუთხრა… მოსამართლევ, ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა. არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ. ირაკლი [კუპრაძე] ბოდიში, თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში. მაგრად მეამაყება... ერთი საათი მეკამათებოდა ის სადისტი პოლიციელი, ტონა ფული აიღე ხაზარაძისგანო. ჩვენ კაცურად და ვაჟკაცურად მივყვებოდით წელიწადნახევარი საქმეს. ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და კუპრაძემ იციან, არავისთვის მითხოვია ფული...
მოკლედ, ვინც გარეთ რჩებით, მიაწექით ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას“, - თქვა ელისაშვილმა.
ალექსანდრე ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება „თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე“ წარუდგინა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 10-დან 15 წლდამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა აცხადებს, რომ 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. პროკურატურის თანახმად, შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა, რა დროსაც მას მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს.
საქმეში დევს პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო კადრები, რომელიც ასახავს ქუჩაში ნიღბიანი პირის გადაადგილებასა და სასამართლოს კანცელარიაში განვითარებულ მოვლენებს. როგორ შეაღწია მან შენობაში, ვიდეოში არ ჩანს.
ელისაშვილს დაკავებიდან მოკლე დროში გაემიჯნა კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო“, რომელმაც მის ქმედებებს „მიუღებელი“ და „გაუმართლებელი“ უწოდა.
ალექსანდრე ელისაშვილი კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული – პროკურატურა მას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დამფუძნებელის ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. აღნიშნულ საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, კი 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
2024 წლის 15 აპრილს, როცა ალექსანდრე ელისაშვილი პარლამენტის დეპუტატი იყო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონის“ განხილვისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სახეში მუშტი ჩაარტყა. „ამას საკადრისი პასუხი გაეცემა. მე ახლა მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით. საკადრის პასუხს გავცემთ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ ინციდენტის შემდეგ. ამჟამად მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია.
ამ თემაზე:
რუსეთმა ალეკო ელისაშვილს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
