თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა დღევანდელ პროცესზე დააკმაყოფილა პროკურატუირის შუამდგომლობა და ალექსანდრე ელისაშვილისთვის 6 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000 ლარის ოდენობით გირაოთი შეცვალა. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„დღეს დილით ტელევიზორის ყიდვას ვაპირებდი, რათა გამეგო, ქვეყნის თავს რა ხდება და გავიგე, რომ მივდიოდი პროცესზე. გულახდილად რომ გითხრათ, მეგონა საცემად მივყავდი. აღმოჩნდა, რომ გარეთ მიშვებდნენ.
ამ ხნის განმავლობაში პროკურატურას ჰქონდა სამარცხვინო პოზიცია - უცხოეთში კავშირები აქვს ელისაშვილს და მიიმალებაო. ამ ათ დღეში რა მოხდა, ახლა არ მივიმალები?! ფაქტია, რომ რაღაც მოხდა. ალბათ, უცხოელებმა ქეჩოში მისცხეს ან რაღაც მსგავსი.
ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, არაფერი დამთავრებულა, ახლა იწყება ყველაფერი. მე, გარეთ ამ თვენახევრის განმავლობაში - შემდეგ ვნახოთ, როგორ იქნება - ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ყველა პოლიტპატიმარი, გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული, გარეთ გამოვიდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ორი რამ - პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები გავყაროთ ხელისუფლებიდან“, - განაცხადა ელისაშვილმა გათავისუფლების შემდეგ.
როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განმარტა, ბრალდებულის მხრიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხეების ინტენსივობა შემცირდა, რის გამოც, მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.
„ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, ამ ეტაპზე საჭირო არ იყო აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ნაკლები აღკვეთის ღონისძიება - გირაო უზრუნველყოფდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მიზნებს. აღკვეთის ღონისძიების მიზნებია ბრალდებული გამოცხადდეს, ხელი არ შეუშალოს მართლმსაჯულების განხორციელებას, მოწმეებზე ზემოქმედება არ მოახდინოს, არ მიიმალოს და ა.შ. პატიმრობის შემთხვევაშიც და გირაოს შემთხვევაშიც, საფრთხეები ერთი და იგივეა. უბრალოდ, შესაძლებელია, ამ საფრთხეების ინტენსივობა შემცირდეს, ისეთი მაღალი საფრთხე აღარ იყოს და ამით იხელმძღვანელოს პროკურორმა და შუამდგომლობა დააყენოს“, - განაცხადა გუბელაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ალექსანდრე ელისაშვილი თბილისში 4 დეკემბერს, ძალის გამოყენებით დააკავეს იმ დროს, როდესაც ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტს“ ტოვებდა. პროკურატურამ მას ბრალად პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დამფუძნებელის ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა წარუდგინა.
ადვოკატი ამბობდა, რომ ელისაშვილს პროვოკაცია მოუწყვეს და სამაგალითოდ სჯიდნენ იმის გამო, რომ რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ლიდერ მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.
ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 იანვარს არის ჩანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ჯარიმა ან ერთიდან ორ წლამდე ვადით შინაპატიმრობა ანდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
