ალბანეთის დედაქალაქ ტირანასა და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე მდიდრული მეგა-კურორტის მშენებლობის წინააღმდეგაა მიმართული. 21 ივნისს, ტირანას მთავარ გამზირზე სლოგანით - „ალბანეთი არ იყიდება“ გამართულ მსვლელობაში დაახლოებით 200 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 4 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
დემონსტრანტები აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახთან დაკავშირებული პროექტის შეჩერებას ითხოვენ. მათი აზრით, მშენებლობა გამოუსწორებელ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ სანაპირო ზოლს.
მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის აშენებას ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი, საინვესტიციო კომპანია Affinity Partners-ის მეშვეობით, კუნძულ საზანსა და ზვერნეცის ნახევარკუნძულზე გეგმავენ.
კუნძული საზანი ადრიატიკის ზღვაში მდებარე ალბანეთის ერთადერთი დიდი კუნძულია, სადაც საბჭოთა პერიოდში სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. აუფეთქებელი ჭურვების არსებობის გამო მისი ათვისება რთული იყო, რამაც კუნძული მასობრივი ტურიზმისგან ხელუხლებელ ადგილად შემოინახა. ინვესტორები იქ ულტრათანამედროვე, ძვირადღირებული ვილების აშენებას აპირებენ.
საზანის მოპირდაპირედ მდებარე ზვერნეცის ნახევარკუნძული ვიოსა-ნარტას დაცული ლანდშაფტის ნაწილია. აქ უზარმაზარი სასტუმრო კომპლექსების, ვილებისა და იახტებისთვის განკუთვნილი პირსების მშენებლობა იგეგმება. ჯამში, საუბარია „ახალი ქალაქის“ გაშენებაზე 10 000 სასტუმრო ნომრით.

პროექტის ტერიტორია 70-ზე მეტი გადაშენების პირას მყოფი სახეობისა და ასობით იშვიათი გადამფრენი ფრინველის საბინადროა.
იქ ვხვდებით თეთრმუცელა სელაპებს, ზღვის თავკომბალა კუებს და, რაც მთავარია, ტერიტორია უმნიშვნელოვანესი არეალია ვარდისფერი ფლამინგოების გამრავლებისა და ბუდობისთვის. ორნითოლოგების განცხადებით, კურორტის ხმაური და სინათლე ტერიტორიიდან 2000-მდე სახეობის გადამფრენ ფრინველს დააფრთხობს. ექსპერტები იხსენებენ ვლორის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გამოცდილებას, რამაც ეკოლოგიური დერეფნები დაარღვია და ფლამინგოების ბუდეებზე მტაცებლების თავდასხმები გამოიწვია. ახალი კურორტი ეკოსისტემისთვის შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს.
მაისის ბოლოს, მშენებლობის ადგილას ერთ-ერთ პლაჟზე კერძო დაცვამ მავთულხლართებიანი ღობე აღმართა, რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. როდესაც პროექტის მოწინააღმდეგეები ბარიერზე გადასვლას ცდილობდნენ, დაცვამ მათ წინააღმდეგ ძალადობრივად იმოქმედა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებმა მიწაზე ათრიეს ხელბორკილდადებული ადგილობრივი მიწის მფლობელი, იქვე მყოფი პოლიცია კი ძალადობაში არ ჩარეულა. ვიდეოკადრების გავრცელებამ საზოგადოების უდიდესი აღშფოთება გამოიწვია, რაც საბოლოოდ ღობის აღებით დასრულდა.
ამ ინციდენტმა დედაქალაქში დაწყებულ საპროტესტო აქციებს დიდი ბიძგი მისცა. საპროტესტო ტალღა, რომელმაც „ფლამინგოების რევოლუციის“ სახელი მიიღო, დღეს უკვე ფართო ანტისამთავრობო პროტესტშია გადაზრდილი და პოლიტიკური ელიტის, კორუფციისა და ოლიგარქების წინააღმდეგაა მიმართული.
„ალბანეთი არ იყიდება, ჩვენ აქ ვართ, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. გვინდა, რომ ჩვენი მომავალი აქ ავაშენოთ. ალბანეთი ღვთისგან ბოძებული ადგილია, ჩვენ ყველაფერი გვაქვს - მდინარეები, პლაჟები, მთები“...
ჩვენ აქ ვართ, რათა დავიცვათ ალბანეთი ევროპაში ყველაზე კორუმპირებული მთავრობისგან. ჩვენ ინვესტიციების მომხრე ვართ, მაგრამ არა კორუმპირებული მთავრობის“, - აცხადებენ 21 ივნისის მსვლელობის მონაწილეები სააგენტო Reuters-თან საუბრისას.
მაისის ბოლოდან მომიტინგეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ტირანაში და მოითხოვენ როგორც სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას, ისე პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას. აქციები არაპარტიულია. აღსანიშნავია, რომ მომიტინგეები ითხოვენ ოპოზიციის ლიდერის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სალი ბერიშას ციხეში გაშვებასაც, რადგან არსებული კორუფციული სისტემის შექმნაში მასაც ადანაშაულებენ.
მოქმედი პრემიერი ედი რამა პროტესტს „ჰიბრიდული ომის“ ნაწილად განიხილავს. BBC-ის ცნობით, რამა მიანიშნებს, რომ ალბანეთის მზარდი ტურისტული სექტორის გამო, პროვოკაციების უკან შესაძლოა კონკურენტი საბერძნეთი იდგეს. მისი თქმით, მრავალმილიარდიანი (სხვადასხვა მონაცემებით €1.4-დან €4 მილიარდამდე შეფასებული) ინვესტიცია ქვეყნისთვის „მადლია“.
2024 წელს ალბანეთის პარლამენტმა და მთავრობამ ეკოლოგიურად მგრძნობიარე ზონების დამცავი კანონმდებლობა შეცვალა. შედეგად, გამარტივდა მსხვილი პროექტებისთვის „სტრატეგიული ინვესტიციის“ სტატუსის მინიჭება და დაიშვა მშენებლობა ისეთ დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ეს მანამდე უკანონოდ ითვლებოდა. აქტივისტები დარწმუნებულნი არიან, რომ კანონები სპეციალურად კუშნერის პროექტის სასარგებლოდ შეცვალეს.
ევროპარლამენტმა ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ალბანეთის მთავრობას დაცულ ზონებში მშენებლობების შეჩერებისკენ მოუწოდა. ქვეყანაში ევროკავშირის ელჩის, სილვიო გონზატოს განცხადებით, გარემოსდაცვითი სტანდარტების უგულებელყოფამ შესაძლოა ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი სერიოზულად შეაფერხოს.
