აჭარის ტელევიზიის დირექტორად ერთადერთი კანდიდატი ირაკლი კიკვაძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ირაკლი კიკვაძე აირჩია. ის ერთადერთი კანდიდატი იყო და ამ თანამდებობას სამი წლის განმავლობაში დაიკავებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

29 იანვარს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ პროფესიით კინო-ტელე რეჟისორია და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში კინორეჟისურას ასწავლის. მისი თქმით, თეატრის დირექტორის უფლებამოსილება წელს ეწურებოდა.

„როდესაც გამოჩნდა ტელევიზიაში მომენტი, რომ შეიძლება დირექტორის არჩევნები ყოფილიყო, მივიღე მონაწილეობა დიდი ფიქრის შემდეგ. ტელევიზია იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემთვის ძალიან ახლობელი ორგანიზმია. დიდი ხნის წინ ვმშაობდი ტელევიზიაში, ვთანამშრომლობდი ყოველთვის: გადაცემები, დოკუმენტური ფილმები. ჩემთვის ეს ძალიან ახლობელი სამსახურია და აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი იმედი მაქვს იმ ადამიანების, ვისთანაც ვთანამშრომლობდი და ვიცნობ. ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ტელევიზიაა, ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს“, – თქვა კიკვაძემ.

მის არჩევას სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მყოფი რვა წევრიდან შვიდმა დაუჭირა მხარი.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობა ვაკანტური იყო აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე ვლადიმერ ტატიშვილმა დატოვა. ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოცხადდა.

აგვიტოში გამოცხადებულ კონკურსში იურისტები, ნიკოლოზ მეგრელიშვილი და აკაკი ბერიძე მონაწილეობდნენ, თუმცა, კონკურსის მეორე ტურში მათ სამეურვეო საბჭოს წევრების ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს. ხელახალ კონკურსში მონაწილეობის სურვილი აკაკი ბერიძემ და მომღერალმა ანი კეკუამ გამოთქვეს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა, ელენე მიხაილოვამ განმარტა, ანი კეკუას მიერ წარდგენილი დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს „განათლების და სამუშაო გამოცდილების ნაწილში“. შესაბამისად, ის კონკურსს გამოეთიშა, ხოლო აკაკი ბერიძეს მეორე ტურში სამეურვეო საბჭომ მხარი არ დაუჭირა. კონკურსი მესამედ დეკემბერში გამოცხადდა - მასში მონაწილეობა მხოლოდ ირაკლი კიკვაძემ მიიღო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.