„რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“, - წერს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ყოფილი პრემიერის თქმით, იგი იძულებული გახდა საჯაროდ ესაუბრა ამ თემაზე, რადგან საკითხი უშუალოდ უკავშირდება ხელისუფლების მიერ მისთვის ციხეში გაგზავნილ წერილს.
ღარიბაშვილი იხსენებს 12 თებერვალს მომხდარ ეპიზოდს, როდესაც, მისი თქმით, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის დავალებით გადასცეს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 2 თებერვლის ნომერი. გაზეთში გამოქვეყნებული იყო ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ინტერვიუ ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძესთან, სადაც კობახიძის მისამართით მძიმე ბრალდებები და კრიტიკა ისმოდა.
„გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი - ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან... ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ“, - აცხადებს ღარიბაშვილი.
„მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა…
ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას“, - წერს ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეხმაურება მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლასაც და აცხადებს, რომ „მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა, თუმცა ეს საკმარისი არ არის“.
„საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია:
მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს“, - წერს ღარიბაშვილი.
ექსპრემიერის განმარტებით, სწორედ ამ „ცრუ ეჭვებისა და პოლიტიკური დევნის“ გამო ჩაუწერეს ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი წერილის პირველ პუნქტში, რომ დიტო ჩუბინიძისისა და ირმა ინაშვილის აქტიურობამ კობახიძე-მდინარაძის გუნდს სერიოზული ზიანი მიაყენა. ამასთან, ღარიბაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირმა ინაშვილმა თავადაც დაადასტურა, რომ მას ამ პოლიტიკურ თუ ჟურნალისტურ პროცესებთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
ვინ იყო ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძე
ღარიბაშვილის მიერ წერილში მოხსენიებული ლაზარე ჯორბენაძე ზურაბ ჯორბენაძეა. 2014 წელს გამოქვეყნებულ წერილში ზურაბ ჯორბენაძე აღნიშნავდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლებში ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან (კუდ-ი) და დაზვერვის სამმართველოსთან თანამშრომლობდა. მისივე თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იგი „ქართულ ოცნებაში“ იყო შეგზავნილი და პარტიის ლიდერებს უთვალთვალებდა.
ზურაბ ჯორბენაძე გარკვეული პერიოდი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, ხოლო 2018 წელს პარტია „საქართველომ“ მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარადგინა. ლაზარე ბერად აღკვეცის შემდეგ უწოდეს. გარდაცვლილი მიმდინარე წლის აპრილში იპოვეს.
გარდაცვალებამდე „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯორბენაძე აცხადებდა, რომ საკუთარი თვალით ნახა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელსაც ირაკლი კობახიძის ხელმოწერა ჰქონდა.

პარტია „საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი ლილუაშვილი საჯაროდ გავრცელებულ წერილში ხაზს უსვამდა, რომ ზურაბ (მამა ლაზარე) ჯორბენაძე აქტიურად საუბრობდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის დავით გარეჯის თემაზე, სადაც იგი ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლების პოზიციას, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
„მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, სრულყოფილ და დამოუკიდებელ გამოძიებას მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით; ყველა შესაძლო ვერსიის, მათ შორის პოლიტიკური მოტივის, დეტალურ შესწავლას“, - წერდა ლილუაშვილი.
კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტები
რაც შეეხება ღარიბაშვილის მიერ ნახსენებ, კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდში მომხდარ თვითმკვლელობებს: ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად 2024 წლის 8 თებერვალს დაინიშნა, ხოლო მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 2025 წლის 3 სექტემბრიდან 2026 წლის 21 აპრილამდე იკავებდა. ამ პერიოდში რამდენიმე რეზონანსული შემთხვევა მოხდა:
2025 წლის 7 ივლისი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ოფიციალური ინფორმაციით, თვითმკვლელობა სცადა.
2025 წლის 7 ოქტომბერი: თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე, გარდაცვლილი იპოვეს გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
2026 წლის 26 იანვარი: თბილისში, სუს-ის შენობასთან, ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი სიმონ წაქაძე. პროკურატურის ცნობით, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
2026 წლის 4 აგვისტო: დაკრძალეს დავით ნანავა - ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმის, პარლამენტის ყოფილი წევრის, ლექსო თამაზაშვილის სიმამრი. პოლიციის ინფორმაციით, ნანავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
