საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ვლადიმერ ტატიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 19 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ვლადიმერ ტატიშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურებოდა, საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.
„მინდა, ბატონ ლადოს მადლობა გადავუხადო. ჩვენ ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ. ეს მისი გადაწყვეტილება, მართალი გითხრათ, მოულოდნელი არ იყო. თუ არ ვცდები, ნოემბერში იქ ისედაც ახალი არჩევნები იყო დანიშნული და როდესაც დაინიშნა არჩევნები, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი 13 აგვისტოს გამოაცხადა.
კონკურსის პირობების მიხედვით, დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ ათი წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.
დირექტორობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტები 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარულ დღეში სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატთა სიას ტელევიზიის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს და მომდევნო 7 დღის განმავლობაში დირექტორს დანიშნავს.
ღია კონკურსი ორ ტურად ჩატარდება. მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.
ახალი დირექტორის დანიშვნამდე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას დირექტორის პირველი მოადგილე, ეკატერინე შაინიძე შეასრულებს.
